ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარე აღდამის რაიონს აკონტროლებს

20 ნოემბერი, 2020 • 792
აზერბაიჯანული მხარე აღდამის რაიონს აკონტროლებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული ჯარის ნაწილები აღდამის რაიონში შევიდნენ, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით 20 ნოემბერს უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანულ მხარეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დროებითი მმართველების დანიშვნას ახლად დაკავებულ ტერიტორიებზე, აღდამში შეიქმნა ახალი ადგილობრივი სამმართველო. რაიონში გადავიდა აღდამის პოლიციის დეპარტამენტიც, რომელიც აქამდე ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და უშუალოდ დედაქალაქ ბაქოში ფუნქციონირებდა.

დედაქალაქ ბაქოში გაიმართა გამარჯვების მსვლელობა, სადაც დემონსტრანტებმა აღდამის რეგიონზე კონტროლის მოპოვება აღნიშნეს.

გუშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ჯებრაილის რაიონში ვიზიტისას, Al-jazeera-ს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი მთელ რიგ ტერიტორიებზე, მოსახლეობის დასაბრუნებლად რამდენიმე წელი იქნება საჭირო, რადგან საჭიროა მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვებისგან, ასევე, შეიქმნას საქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილზე ჯერჯერობით არ არის.


სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა უნდა გადასცეს აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები აზერბაიჯანს. დოკუმენტის მიხედვით, ქელბაჯარის რაიონზე ბაქოს კონტროლი უნდა დამყარებულიყო 15 ნოემბერს, თუმცა აზერბაიჯანმა დააკმაყოფილა სომხეთის თხოვნა ვადის 10 დღით გაზრდასთან დაკავშირებით. აღდამის რაიონი, შეთანხმების მიხედვით, დღეს, 20 ნოემბერს მოექცა აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ, ხოლო ლაჩინს პირველ დეკემბრამდე დატოვებენ სომხეთის რესპუბლიკის ჯარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი