ახალი ამბები

ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პარტიები კვლავ ერთად ცდილობენ გამოსავლის პოვნას — დეგნანი

20 ნოემბერი, 2020 • 791
ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პარტიები კვლავ ერთად ცდილობენ გამოსავლის პოვნას — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მივიდა, სადაც დღეს დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმართება.

შეხვედრაზე შესვლამდე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას.

“უკიდურესად მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანმხდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას”, — განაცხადა დეგნანმა.

გუშინ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი