ახალი ამბები

ცვლილებების გასატარებლად შესაძლებელია, მოქმედ პარლამენტს გაუხანგრძლივდეს ვადა — ინაშვილი

20 ნოემბერი, 2020 • 664
ცვლილებების გასატარებლად შესაძლებელია, მოქმედ პარლამენტს გაუხანგრძლივდეს ვადა — ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ინაშვილმა განაცხადა,  ელჩთან კიდერ ერთხელ დააფიქსირა, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

“ეს იქნება 45 დღეში თუ გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე[…]”ქართული ოცნება თუ ამტკიცებს, რომ ის არის ძლიერი და მას აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და შიშები და ფობიები, მაშინ, როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ, სწორედაც მან უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა. მე რომ ვიყო ხელისუფლება და ასეთი პოლიტიკური კრიზის ვითარებაში ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია, კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების”, — განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია დაიდოს მემორანდუმი, სადაც ჩაიწერება, რომ მაგალითად, გაზაფხულზე ინიშნება არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება.

“მე ვთავაზობ “ოცნებას”, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა, შეუძლია მას ამის გაკეთება და ამ [მოქმედ] მეცხრე მოწვევის პარლამენტს შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც. სხვათა შორის, შესაძლებელია, მეცხრე მოწვევის პარლამენტს კიდევ გაუხანგრძლივდეს საქმიანობის ვადა და ამ პერიოდში განვახორციელოთ ეგ ცვლილებები”, — განაცხადა ინაშვილმა.

გუშინ, 19 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი