მეორე ტურის გამო, 2 ღამით ჩერდება რეგულაცია, რომელიც 22:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს. ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 19 ნოემბერს გამოგზავნილ პრესრელიზში.
არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს იმართება.
საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.
შეზღუდვა ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის ვრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.
განმარტება: თავდაპირველად, სტატიის სათაური ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: მეორე ტურის გამო, გადაადგილების შეზღუდვას 1 ღამით მოხსნიან.
“ნეტგაზეთმა” იხელმძღვანელა დადგენილებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზეა გამოქვეყნებული. მასში მითითებულია, რომ გამონაკლისი ვრცელდება “2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე” და ის ძალაშია 22 ნოემბრის 05:00 საათამდე.
თუმცა, მოგვიანებით, “ნეტგაზეთისთვის” მთავრობის მიერ გამოგზავნილი პრესრელიზით ნათელი გახდა, რომ გამონაკლისი მოიცავს პერიოდს 20 ნოემბრის 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე. როგორც მთავრობაში ამბობენ, დადგენილების ტექსტი შეიცვლება.
შესაბამისად, სტატიის სათაურიც შეიცვალა.