ახალი ამბები

ქუთაისის კლინიკაში 40 კოვიდდადებითი ორსული და მელოგინეა მოთავსებული

19 ნოემბერი, 2020 • 925
ქუთაისის კლინიკაში 40 კოვიდდადებითი ორსული და მელოგინეა მოთავსებული

ქუთაისში მდებარე კლინიკა „ბომონდი“ იუწყება, რომ 19 ნოემბრისთვის კლინიკაში 40 კოვიდდადებითი  ორსული და მელოგინეა მოთავსებული.

კლინიკის ცნობითვე, გასული 24 საათის განმავლობაში მათ კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს.

„ორსულები, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული აქვთ, მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან“.

ამასთან, „ბომონდი“ აცხადებს, რომ დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან კოვიდცენტრში შეიყვანა 12 დღის ჩვილი.

„მისი დაინფიცირება, სავარაუდოდ, დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა“, – აცხადებს კლინიკა.

19 ნოემბერის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა და შემთხვევების საერთო რაოდენობამ 93 092-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი