ახალი ამბებიეკონომიკა

10-მილიონიანი ინვესტიციის შემთხვევაში უცხოური კომპანიები მთავრობისგან მილიონიან გრანტს მიიღებენ

19 ნოემბერი, 2020 • 1153
10-მილიონიანი ინვესტიციის შემთხვევაში უცხოური კომპანიები მთავრობისგან მილიონიან გრანტს მიიღებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა უცხოური კომპანიების მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის პროგრამა.

“დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც შეემატება “აწარმოე საქართველოში” პროგრამათა რიგს. ეს არის უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები. კერძოდ, უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალითა და მოინდომებენ საქართველოში შემოსვლას ან უკვე არსებული წარმოების გადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, სულ მცირე, 10 მილიონი ლარის ინვესტიციასა და 150 ადამიანის დასაქმების შესახებ, აწარმოე საქართველოს ფარგლებში მიეცემათ თანადაფინანსება 1 მილიონი ლარის ოდენობით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, კომპანიებს აღნიშნული თანხის გამოყენება შეეძლებათ პერსონალის გადამზადებისთვისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მიზნებისთვის.

“ისინი მიიღებენ თანადაფინანსებას, ე.წ. FDI გრანტს [პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ხელშემწყობი გრანტი], რომლის მიზნობრიობაც იქნება ადგილობრივი კადრების გადამზადება,- კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც საქართველოში უცხოელი ინვესტორები ასახელებენ,- ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო, რაც მათ შეიძლება დასჭირდეთ წარმოების გასახსნელად, ან გადმოტანა”, – ამბობს თურნავა.

მისი განმარტებით, შეირჩა ეკონომიკის დარგები, რომლებშიც ჩართული უცხოური კომპანიები ისარგებლებენ მთავრობის თანადაფინასებით.

“შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომლებიც მიეკუთნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და მიმზიდველი იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის, ესენია: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება; მანქანათმშენებლობა; მანქანებისა და მოწყობილობების ნაწილების წარმოება, ლოჯისტიკა და სასაწყობე მეურნეობა; საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება. ძირითადად ეს არის გადამამუშავებელი დარგები, მძიმე მრეწველობა და მანქანათმშენებლობა, სადაც შესაძლებელია, უცხოეული ინვესტორების მოზიდვის გზით, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი ახალი პროგრამა მათ სტიმულს მისცემს ქვეყანაში შემოსვლისთვის. ეს დამატებითი კომპონენტია, რომელიც გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაცია აღნიშნული ინიციატივისა და თანადაფინანსების შესახებ ჯერ არ განთავსებულა პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ვებ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი