ახალი ამბები

დაშტრიხული არქივი: უზენაესმა “სოვლაბის” საჩივარი არ მიიღო

19 ნოემბერი, 2020 • 1467
დაშტრიხული არქივი: უზენაესმა “სოვლაბის” საჩივარი არ მიიღო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის საჩივარი ეროვნული არქივის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს ხვადაგიანის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, რომლებიც არქივმა დაშტრიხული სახით გასცა, ეს კი ართულებს კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.

რას ეხება დავა?

“სოვლაბის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის დავა საქართველოს ეროვნულ არქივთან 2017 წლის დეკემბერიდან დაიწყო. ორგანიზაციის თანახმად, ხვადაგიანმა არქივიდან მოითხოვა იმ დოკუმენტების ასლები, რომელიც ძირითადად წარმოადგენდა 1940-იან და 1951 წელს თბილისიდან საბჭოთა რეჟიმის მიერ მასობრივად დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილის მონაცემებს.

უფრო კონკრეტულად, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც  გულაგს ცოცხლები გადაურჩნენ და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1955 წლიდან, ითხოვდნენ თბილისში საცხოვრებელი სივრცის გამოყოფას.

“არქივმა მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები (დაახლ. 400 ლარის საფასურით) გასცა – დაშტრიხული ფორმით, სადაც მსხვერპლთა გვარ-სახელის გარდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი იყო წაშლილი (მათ შორის დეპორტირებულთა მისამართებიც, გადასახლების მომენტში)”, – ვკითხულობთ “სოვლაბის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არქივი ასე მოიქცა საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონის მუხლის მითითებით, რომლითაც დღემდე იკრძალება “პერსონალური ინფორმაციის” გაცემა მესამე პირზე, დოკუმენტის შექმნის მომენტიდან 75 წლის ვადის გასვლამდე”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 2018 წლის ივნისში კანონიერად ცნო ეროვნული არქივის მოქმედება. ამავე წელს”სოვლაბის” საჩივარი არც სააპელაციომ დააკმაყოფილა.

რა თქვა უზენაესმა სასამართლომ?

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ “სოვლაბის” საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ბოლო ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი არსებობდა.

უზენაესი ფიქრობს, რომ საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებას. ამასთან, მისი განხილვა  ვერ მოიტანდა არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული შედეგს. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქმე არ მოიცავს ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევას.

“ჩვენდა სამწუხაროდ, საკასაციო პალატამ არ გაამართლა მცირე თეორიული მოლოდინები, რომ ის კანონის ბუკვალურად წაკითხვის მიღმა, ფართოდ შეხედავდა დავის საგანს, მხედველობაში მიიღებდა საარქივო კანონმდებლობის სფეროში არსებულ შეუსაბამობებს სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებს შორის და ასევე გაითვალისწინებდა, რომ დავა ეხება ისტორიული კონტექსტის ამსახველ წყაროებს – საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებებს, რომლის ამსახველი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობაზე სრულიად განსხვავებული და პოზიტიური პრაქტიკა არსებობს ევროპის და დასავლეთის კანონმდებლობაში”, – აღნიშნავს “სოვლაბი” სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასევე ახსენებს კანონის დათქმას, რომლის თანახმადაც,  სუბიექტის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლეს თანხმობით, ან თუ მისი გარდაცვალებიდან 30 წელია გასული. მოცემულ ვითარებაში ამ უკანასკნელი დათქმის მოშველიებას “სოვლაბი” საგანგაშოს უწოდებს.

“[ეს არის], ჩვენი აზრით, აბსურდული მტკიცება, რომ მკვლევარია ვალდებული, არქივს წარუდგინოს საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა გარდაცვალებიდან 30 წლის გასვლის დამადასტურებელი სრულფასოვანი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტები”, – აღნიშნავს ორგანიზაცია და ამატებს, რომ ეს ინფორმაცია ხშირად არქივის მიერ დაშტრიხულ მონაცემებშივე იკითხება.

“აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს და არქივს  პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად მოეპოვება”, – ამატებს ის.

ორგანიზაცია სასამართლოს არც იმ პოზიციას იზიარებს, რომლის თანახმადაც, გამონაკლისის დაშვების მსურველი მხარე ვაკლდებულია, დაასაბუთოს “აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესის” არსებობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

“[ეს] ჩვენი აზრით, არსობრივად მიუღებელი, უკიდურესად არასამართლიანი და ცინიკური მოთხოვნაა, როდესაც დავა შეეხება ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საბჭოთა რეჟიმის მიერ კაცობირობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებების ამსახველ წყაროებს”, – ამბობს “სოვლაბი”.

“სოვლაბი” აცხადებს, რომ კვლავ განაგრძობს კამპანიას საარქივო კანონმდებლობის რეფორმისათვის სამართლებრივი გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი