ახალი ამბები

აშშ-ში 250 000-ს გადააჭარბა COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა

19 ნოემბერი, 2020 • 673
აშშ-ში 250 000-ს გადააჭარბა COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა

აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა ოფიციალურმა რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა.  ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდა თითქმის ყველა შტატში ფიქსირდება, თუმცა განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტაში, ასევე, მინესოტაში, ვისკონსისა და სხვა რამდენიმე შტატში.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის აღრიცხულ შემთხვევათა რაოდენობით, ისევე როგორც, სიკვდილიანობით, ის პირველ ადგილზეა მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის.

სტატისტიკის თანახმად, ბოლო 2 კვირის მანძილზე აშშ-ში ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამ ფონზე, ზოგიერთ შტატში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას განიხილავენ. “გარდიანის” ცნობით, ნიუ-იორკში დღეიდან საჯარო სკოლები დაიხურება, ლოს-ანჯელესის ადმინისტრაცია კი ღამით გადაადგილების შეზღუდვის შესაძლებლობაზე საუბრობს.

ზემოხსენებული ზომები ცალკეული შტატების ფარგლებს არ სცდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია უცვლელია: ის დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ აპირებს. მეორე მხრივ, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანას რთული ზამთარი ელის, თუ უსაფრთხოების ზომები ფართოდ არ გატარდება.

პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის არაერთ ვაქცინაზე, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ ორი მათგანია: ამერიკული Moderna-სა და გერმანული “ფაიზერის” ვაქცინები. ორივე მათგანი კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზეა, მათი ეფექტიანობა კი 90%-ს აჭარბებს.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანტონი ფაუჩის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება როგორც Moderna-ს, ისე “ფაიზერის” ვაქცინების დოზები მაღალი რისკის ქვეშ მყოფი კატეგორიებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი