ახალი ამბები

ვისთვისაც აშშ-ის წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, რუსეთის გავლენის აგენტია — ვაშაძე

18 ნოემბერი, 2020 • 1466
ვისთვისაც აშშ-ის წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, რუსეთის გავლენის აგენტია — ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ისინი, ვისთვისაც  აშშ-ის წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, “რუსეთის გავლენის აგენტები არიან”.  ამის შესახებ მან  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩემი 45 – წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული”, — განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე ამბობს, რიკერის საქართველოში დარჩენა იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მოკავშირეს ესმის, რაოდენ ღრმა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში

“ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროპის კავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით”, — განაცხადა ვაშაძემ.

ფილიპ რიკერთან შეხვედრას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, შემდეგ კი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

მოწოდებას ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე გამოეხმაურნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “ევროპული საქართველოს”  ლიდერები. მათ ბოიკოტის გადაწყვეტილების გადახედვა გამორიცხეს. რიკერთან შეხვედრის შემდეგ, ალტერნარტიული არჩევნები ერთადერთ გამოსავლად დაასახელა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი