ახალი ამბები

რიკერს გავაცანით ჩვენი პოზიცია, რატომ მივიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად – ჯაფარიძე

18 ნოემბერი, 2020 • 892
რიკერს გავაცანით ჩვენი პოზიცია, რატომ მივიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად – ჯაფარიძე

პარტია “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე მოისმინა მისი პოზიცია, როგორ აპირებს აშშ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას.

ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციამ, თავის მხრივ, საკუთარი პრეტენზიები გაუზიარა ფილიპ რიკერს არჩევნებთან დაკავშირებით.

“შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და კარგი საუბარი და ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად.

ასევე მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის შეხედულება, თუ როგორ აპირებს აშშ, ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა”, – უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

მას შეხვედრის დეტალებზე, სხვა ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად, არ უსაუბრია და არც ის უთქვამს, რას ფიქრობს რიკერი ოპოზიციის ბოიკოტზე.

“ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ახალი არჩევნებისა, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციისა და შეცვლილი კანონმდებლობის პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მანიპულაციებს”, – განაცხადა მან.

აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, შემდეგ კი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

მოწოდებას ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე გამოეხმაურნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “ევროპული საქართველოს”  ლიდერები. მათ ბოიკოტის გადაწყვეტილების გადახედვა გამორიცხეს. რიკერთან შეხვედრის შემდეგ ალტერნარტიული არჩევნები ერთადერთ გამოსავლად დაასახელა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმაც.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი