ახალი ამბები

დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, რაც 30 წელია, არჩევნებს წამლავს – აშშ-ის სახ. დეპი

18 ნოემბერი, 2020 • 1073
დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, რაც 30 წელია, არჩევნებს წამლავს – აშშ-ის სახ. დეპი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე, გარკვეული უკეთესობის მიუხედავად, ისეთივე პრობლემები გამოვლინდა, როგორც სხვა არჩევნებზე გასული 30 წლის განმავლობაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 17 ნოემბრის საღამოს ჩამოფრინდა თბილისში და ქვეყანა 18 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში დატოვა.

მას ადგილობრივ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა 18 ნოემბერსვე სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის ბრიფინგი მის ვიზიტთან დაკავშირებით არჩევნების შესახებ.

ბრიფინგის ტექსტში სპიკერები დასახელებული არ არიან. პირველმა სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელსაც აშშ ეხმარება ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და განაცხადა: 

„მათ [ქართველებს] ბოლო 30 წლის განმავლობაში ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები ჰქონდათ და ამ არჩევნებშიც ვნახეთ მსგავსი ტიპის დარღვევები: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საჯარო მოხელეების ხმის მიცემად მობილიზების კუთხით“.

„რაც ამ წელს არაჩვეულებრივი იყო, იყო კოვიდი. არ იყო მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩვეულებრივად დიდი ჯგუფები. იყვნენ ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები და მოკლევადიანი დამკვირვებლები, მაგრამ არა ისე დიდი რაოდენობით, როგორ წინა შემთხვევებში. და, რა თქმა უნდა, აშშ-ის მისიამ და სხვა საელჩოებმა არაოფიციალური, არაფორმალური გუნდებიც გავგზავნეთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პირველმა წარმომადგენელმა.

„ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, გააკეთა შეფასება, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესად ჩატარებული – ნაკლები სიძულვილის ენით, ნაკლები აგრესიული ტაქტიკით არჩევნებამდე, პატივს სცემდნენ ძირითად თავისუფლებებს გამოხატვის თავისუფლების მხრივ და ა.შ. — მაგრამ, ამავე დროს, დაფიქსირდა დარღვევები, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, რაც სამწუხაროდ, 30 წელია, წამლავს არჩევნებს საქართველოში. ჩვენმა გუნდმაც ნახა ეს. ჩვენი საელჩოს განცხადება ასახავდა ამას“, – წერია ბრიფინგის ტრანსკრიპტში, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა.

„ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებდით, რომ დარღვევების შესახებ პრეტენზიების მოგვარება სცადონ სამართლებრივი პროცესის მეშვეობით, [იმ სასამართლო სისტემაში] რომელიც საქართველომ შექმნა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მათ — ბევრ ადამიანს საქართველოში — არ აქვს დიდი ნდობა სასამართლო სისტემის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.  კიდევ ერთხელ, ეს ისევ ის ინსტიტუტებია, რომლებიც განვითარების პროცესში არიან. ამიტომ, კი მოხდა გასაჩივრება, მაგრამ  არ ჰქონდა დიდი ნდობა, რომ ისინი [სასამართლო, ცესკო] ნამდვილად ისე დაკვირვებით განიხილავდნენ საჩივრებს, როგორც, მათი აზრით, საჭირო იყო. ასე რომ, არჩევნების მეორე დღესვე ისინი [ოპოზიციური პარტიები] ახალ არჩევნებს ითხოვდნენ“.

ის, რამაც ბევრი ჩვენგანი შეაფერხა, იყო გარემოება, რომ შედეგები და გამოთვლები არც ისე შორს იყო ერთმანეთისგან. ოფიციალური შედეგები, ზოგიერთ შემთხვევაში, დიდად არ იყო დაშორებული იმ პროცენტული მაჩვენებლებისგნ, რაც ადგილობრივი დამკვირვებლების პარალელურმა გადათვლამ უჩვენა. და, შესაბამისად, მაშინვე ცხადი არ ყოფილა, რომ ეს იყო, ერთგვარად, ფატალურად ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნებზე, რასაც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არ მოჰყოლია? კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველას მოვუწოდებდით: გამოიყენეთ იურიდიული მექანიზმები, რაც თქვენ წლების განმავლობაში ააშენეთ, რათა ეს ბრალდებები განიხილოთ. ხელახალი გადათვლის პროცესი და მსგავსი საკითხები, მოდით, ვთქვათ, ისე გამჭვირვალედ არ გამართულა, როგორც ეს უნდა ყოფილიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც ეჭვის გრძნობა გაამძაფრა შედეგების მიმართ.

„მე და ევროკავშირის ელჩი შეხვედრების სერიას ვმასპინძლობთ ყველა მხარესთან … რათა ვცადოთ და ვნახოთ, თუ შესაძლებელია მოლაპარაკება ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად. რადგან ის, რასაც ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, არის, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში, ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რათა შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები“, – განაცხადა მან.

ნახეთ ასევე:

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი