ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

18 ნოემბერი, 2020 • 1531
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ გამოაცხადონ ბოიკოტი და პარლამენტში შევიდნენ.

სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თბილისში ადგილობრივ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა 18 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის ბრიფინგი მის ვიზიტთან დაკავშირებით და არჩევნების შესახებ.

ბრიფინგის ტექსტში სპიკერები დასახელებულები არ არიან. პირველმა მომხსენებლმა განაცხადა: 

„ის, რასაც ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, არის, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში, ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რათა შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები“.

მან გაიხსენა საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და განაცხადა: „ამ საარჩევნო სისტემამ, ამ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ [ქართველებს] უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე ოდესმე — ცხრა პარტიით, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ; სადაც უფრო მეტი ქალია საარჩევნო ცვლილებების შედეგად წარმოდგენილი“.

მისი განცხადებითვე, „ზოგიერთი პრობლემა, რაც ამ არჩევნებზე დავინახეთ, შეიძლება იყოს – უნდა ყოფილიყო – შეტანილი იმ საარჩევნო რეფორმაში, რაც ზაფხულში განხორციელდა. [მაგრამ] ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს, ასე რომ, საარჩევნო რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ეს შეიძლება ყოფილიყო, ისინი რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში ცვლილებების პროცესში“.

„კვლავ ბოიკოტისკენ მოწოდება ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას ჰგავს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, შევიდნენ პარლამენტში, მოახდინონ საარჩევნო ცვლილებები, რაც არსებითია, რომ შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და რათა აღარ ვნახოთ … იმავე ტიპის დარღვევების განმეორება. ეს არის ის, რასაც ჩვენი – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ: მაგიდასთან დასხან არა იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ თვითონ იპოვონ გამოსავალი, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, — რადგან მათ კვლავ მოუწევთ ერთად მუშაობა პარლამენტში ,— რათა შედგეს პროგრამა, საკანონმდებლო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მნიშვნელოვან რეფორმირებას. შემდეგ კი, თუ იქნება, — როცა იქნება, — ახალი არჩევნები, გექნებათ უფრო სანდო შედეგი, რომლის ნდობაც ყველას ექნება და ამ ტიპის კითხვები აღარ იქნება“, – განაცხადა პირველმა სპიკერმა.

ამ საკითხზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე მომხსენებელმაც, რომელმაც განაცხადა: „დარჩით თქვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტების ერთგული, ზუსტად ისე, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, დროთა განმავლობაში დახვეწეთ ისინი, სრულყოფილად აქციეთ. ეს არის რეალური გზავნილი“.

„გზავნილი ასეთია: გამოიყენეთ ეს ინსტიტუტები. ბოიკოტს ნუ გამოაცხადებთ და თქვენს მიზანს ასე ნუ მიაღწევთ“.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი