ახალი ამბები

ბოიკოტის გადახედვა არ განიხილება – ბაქრაძე და ნათელაშვილი

18 ნოემბერი, 2020 • 704
ბოიკოტის გადახედვა არ განიხილება – ბაქრაძე და ნათელაშვილი

თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ფილიპ რიკერთან შეხვედრამდე ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილებას არ გადახედავს. ამას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც ბოიკოტის იდეის გადახედვის საჭიროებასა და ცვლილებებისთვის შიგნიდან, პარლამენტის ფარგლებში ბრძოლაზეა საუბარი.

“ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება. იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ახალი, დემოკრატიული პარლამენტი”, – უთხრა ჟურნალისტებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, როცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ჰკითხეს.

პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის კონტექტსში, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები, თუმცა სტრატეგიული მოკავშირეები მხარს უჭერენ ქვეყანას.

“ქვეყნის ბედს და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ, მაგრამ სტრატეგიული მოკავშირეები გვეხმარებიან მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში.

ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ეს არც ჩვენ გვსურს და არც მათ, ამიტომ მე მადლობას ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომელიც დარჩა ქვეყანაში, რათა მოისმინოს ოპოზიციის არგუმენტაცია”, – აცხადებს ის.

ბოიკოტთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია აქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერს, დავით ბაქრაძეს. მისი თქმით, ბოიკოტი ოპოზიციის არჩევანი არ არის, თუმცა არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები სხვა გზას არ ტოვებს.

“გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების გადასაწყვეტი.

[ფილიპ რიკერთან] ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი და შეუძლებელი გახადა ოპოზიციის შესვლა. პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარლამენტში შესვლა და თუნდაც წაგების აღიარება, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებში. ოღონდ ნორმალურ არჩევნებში”, – განაცხადა ბაქრაძემ.

რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა?

ოპოზიციის შესვლა პარლამენტში და უარი ბოიკოტზე, რათა ცვლილებები შიგნიდან მოხდეს, – ეს არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების ბრიფინგის ერთ-ერთი აქცენტი.

განცხადებები ადგილობრივ მედიასთან მაიკ პომპეოს არ გაუკეთებია, თუმცა 18 ნოემბერს, მისი გამგზავრების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის ბრიფინგი ვიზიტთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოური პრესის თანდასწრებით გაიმართა.

ბრიფინგზე გაიმეორეს ეუთოს შეფასება, რომ წლევანდელი არჩევნები, შესაძლოა, გასულ წლებზე უკეთესადაც იყო ჩატარებული, თუმცა გამოვლინდა არაერთი დარღვევაც, მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება:

“ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, გააკეთა შეფასება, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესად ჩატარებული – ნაკლები სიძულვილის ენით, ნაკლები აგრესიული ტაქტიკით არჩევნებამდე და პატივს სცემდნენ ძირითად თავისუფლებებს გამოხატვის თავისუფლების მხრივ და ა.შ.

მაგრამ, ამავე დროს, დაფიქსირდა დარღვევები, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, რაც სამწუხაროდ, 30 წელია წამლავს არჩევნებს საქართველოში. ჩვენმა გუნდმაც ნახა ეს. ჩვენი საელჩოს განცხადება ასახავდა ამას”.

ერთ-ერთმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიყენონ იურიდიული მექანიზმები, რათა დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებებს ნათელი მოეფინოს. მეორე მხრივ, მან ხაზი გაუსვა, რომ:

“ხელახალი გადათვლის პროცესი და მსგავსი საკითხები, მოდით, ვთქვათ, ისე გამჭვირვალედ არ გამართულა, როგორც ეს უნდა ყოფილიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც ეჭვის გრძნობა გაამძაფრა შედეგების მიმართ”.

სპიკერმა ოპოზიციას მოუწოდა, ცვლილებებისთვის საბრძოლველად პარლამენტში შევიდეს. მან ასევე გაიხსენა ოპოზიციის ბოიკოტი ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის მიმართ და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოცხადებული ბოიკოტი “ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს”.

ჩვენ მათ მოვუწოდებთ, შევიდნენ პარლამენტში, მოახდინონ საარჩევნო ცვლილებები, რაც არსებითია, რომ შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და რათა აღარ ვნახოთ … იმავე ტიპის დარღვევების განმეორება. ეს არის ის, რასაც ჩვენი – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ:

მაგიდასთან დასხან არა იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ თვითონ იპოვონ გამოსავალი, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, — რადგან მათ კვლავ მოუწევთ ერთად მუშაობა პარლამენტში — რათა შედგეს პროგრამა, საკანონმდებლო დღის წესრიგი…” ,- წერია განცხადებაში.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი