ახალი ამბები

საბოლოო შედეგებით, “ფაიზერის” ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტიანია

18 ნოემბერი, 2020 •
საბოლოო შედეგებით, “ფაიზერის” ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტიანია

მესამე ფაზის ტესტირების საბოლოო შედეგების მიხედვით, “ფაიზერის” მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების პრევენციას 95%-ით ახდენს, მათ შორის ასაკოვან პაციენტებშიც, და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ დღეს, 18 ნოემბერს განაცხადა.

როგორც CNN წერს, კომპანიამ შეაჯამა კვლევაში მონაწილე 170 მოხალისის ინფიცირების შემთხვევა. მათგან 162 პირს ვაქცინის ნაცვლად პლაცებო ჰქონდა მიღებული, ხოლო ვაქცინა 8-ს ჰქონდა გაკეთებული.

აღნიშნული მონაცემები აჭარბებს იმ 90%-იანი ეფექტიანობის მოლოდინს, რომელიც ვაქცინის ტესტირების წინასწარი მონაცემებით გამოვლინდა. ამასთან, პრეპარატს კარგი შედეგი აქვს 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მისი ეფექტიანობა 94%-ით შეფასდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასაკოვან პაციენტებში იმუნიტეტის გამომუშავება უფრო რთულად მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ვაქცინის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

კვლევის განმავლობაში ავადობის 10 მძიმე შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 9 ის მოხალისე იყო, რომელიც პლაცებოს იღებდა, ერთს კი ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.

პრეპარატის დასამტკიცებლად შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას უახლოეს კომპანია  დღეებში გეგმავს, რის შემდეგაც დაიწყება მისი წარმოება და წლის ბოლომდე რისკჯგუფების აცრა. CNN აცხადებს, რომ არსებული პროგნოზებით, დამტკიცების შემდეგ ვაქცინის 50 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი 2020 წლის ბოლომდე, 2021 წლისთვის კი მონაცემი 1.3 მილიარდამდე გაიზრდება.

ფაიზერის გარდა, ვაქცინის კვლევის მესამე ეტაპი თითქმის დაასრულა ამერიკულმა კომპანია Moderna-მ. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული ვაქცინის ეფექტიანობაც აჭარბებს 90%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი