ახალი ამბები

კობახიძე ოპოზიციას კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს რ2-ის ეთერში

18 ნოემბერი, 2020 • 793
კობახიძე ოპოზიციას კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს რ2-ის ეთერში

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იწვეს ოპოზიციას ტელედებატებში.

როგორც კობახიძემ დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელი განცხადებით  საქართველოს პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით.

მისი თქმით, ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ და იმედი აქვს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას:

ამ ფონზე გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოს ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული.

მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე” ,- ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმით, ვინაიდან ეს ინიციატივა თავდაპირველად სწორედ “რუსთავი 2-ის” ეთერში გაახმიანა, ოპონენტებს სწორედ იქ სთავაზობს კლასიკურ დებატებს, სადაც გაცვლიან არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნების მიმდინარეობისას:

“აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან.

დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და, შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება” ,- ამბობს კობახიძე. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინიციატივა 16 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გაახმიანა, თუმცა ოპოზიციას ამ დრომდე არ გაუცია ოფიციალური პასუხი “ქართული ოცნების” ლიდერისთვის. პარტიებში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ერთობლივი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოპოზიციურ პარტიებში აღნიშნავენ, რომ ფორმატთან პრობლემა არ აქვთ და დებატებისთვის მზად არიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციასთან ღია ეთერში დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში თავი აარიდა, ამ შეთავაზების უკან პარტიების ნაწილი სხვა განზრახვას ხედავს.

კობახიძე ოპოზიციას დებატებს სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი