ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა ბრალდებული მოკლულს ადანაშაულებს პროვოცირებაში | მკვლელობა თემქაზე

20 ნოემბერი, 2020 • 1523
რა ხდება მაშინ, როცა ბრალდებული მოკლულს ადანაშაულებს პროვოცირებაში | მკვლელობა თემქაზე

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში (ყოფილი თემქა) ახალგაზრდა კაცი მოკლეს, შემდეგ კი მის საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდეს. შსს-მ ამ საქმეზე მალევე დააკავა ორი პირი, რომელთაგან ერთი ბრალს აღიარებს. ბრალდებული ნ.ნ. და მისი ადვოკატები სასამართლოში მოკლულის სექსუალურ ორიენტაციაზე მიუთითებენ.

„გეი პანიკა“ და „ტრანს პანიკა“ – სამართლებრივ პრაქტიკაში ასე ჰქვია ბრალდებულთა დაცვის სტრატეგიას, რა დროსაც, დამნაშავე ან/და დაცვის მხარე ამბობს, რომ მსხვერპლის მხრიდან მოდიოდა „არაძალადობრივი სექსუალური ხასიათის“ სიტყვები ან ქცევა, რამაც მოძალადე „ძლიერი სულიერი აღელვების“ მდგომარეობაში ჩააგდო და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ასეთი ტაქტიკის ერთადერთი მიზანი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა, მათ შორის, მკვლელობათა გამართლებაა. რეალურად კი ის ეფუძნება არა დაზარალებულის ნამდვილ გენდერულ იდენტობას, არამედ დამნაშავის მიერ მისი ქცევის აღქმას.

ადამიანის უფლებადამცველთა ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ბრალდებულის სიტყვების შემდეგ საქმეში უნდა გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივიც. დანაშაული, რომელიც ნებისმიერი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის ჩადენილი, ბრალის დამამძიმებელი გარემოებად ითვლება.

მკვლელობა და განზრახ გაჩენილი ხანძარი თემქაზე

14 ნოემბერს პოლიციამ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ნ.ნ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დანაშაულის დროს, ბრალდებული თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში თანმხლებ პირთან სტუმრად იმყოფებოდა. ამავე პერიოდში ბინაში იყო კიდევ ორი ადამიანი – მ.მ. და ლ.შ.

მ.მ-სა და ნ.ნ-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ-სა და ლ.შ-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ-მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგოსთან ერთად მიიმალა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მალევე უწყებამ დააკავა როგორც ნ.ნ., ასევე, მისი თანხმლები პირი, რომელსაც თავის მხრივ, დანაშაულის შეუტყობინების მუხლით წარედგინა ბრალი.

ნ.ნ-ს წინააღმდეგ კი გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მომხდარიდან 2 დღეში დაინიშნა სასამართლო, რომელზეც პროკურატურის შუამდგომლობით ნ.ნ-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ამავე პროცესზე მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – ნ.ნ-მ მოსამართლეს ჩვენება მისცა, რა დროსაც  აწ უკვე მოკლულის სექსუალურ იდენტობაზე მიუთითა და დანაშაულის გამართლება იმით სცადა, რომ მოკლულის ქცევამ (რომელიც მისთვის მიუღებელი იყო) ააღელვა და, შესაბამისად, ამან განაპირობა დანაშაულიც.

ის, რომ დანაშაული მართლაც ნ.ნ-მ ჩაიდინა, ადასტურებს მისი ადვოკატიც, თუმცა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ბრალდებული დეტალებს ვერ იხსენებს და ნ.ნ-ს მსგავსად ისიც ასევე მიუთითებს მოკლულის სექსუალურ ორიენტაციაზე. ადვოკატი ვარაუდობს, რომ სწორედ ამან გამოიწვია დანაშაული.

ნეტგაზეთთან „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის“ იურისტი ქეთი ბახტაძე დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, სასამართლო პროცესამდე ნ.ნ-ს არ უსუბრია პოლიციასთან მსგავსი გარემოებების შესახებ, მოკლულის სექსუალურ იდენტობაზე საუბარი მხოლოდ სასამართლოში დაიწყო და ეს იყო პირველი ჩვენება, სადაც მსგავსი განცხადებით თავის გამართლება სცადა.

დაცვის მხარის სწორედ ეს სტრატეგია სამართლებრივ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც „გეი პანიკა“/„ტრანს პანიკა“ – ანუ ტაქტიკა, რა დროსაც სავარაუდო დამნაშავე ან/და მისი ადვოკატები, საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და, შესაბამისად, საკუთარი ქმედების გამართლებას იმით ცდილობენ, რომ საუბრობენ „ემოციურ აღელვებაზე“, რაც დაზარალებულის ან/და მოკლულის იდენტობით იყო გამოწვეული.

“სიძულვილის მოტივისთვის არ არის საჭირო, ვეძებოთ მსხევრპლის ორიენტაცია“

ადამიანის უფლებადამცველთა ნაწილი, მათ შორის, „კოალიცია თანასწორობისთვის“, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ამბობს, რომ საქმეში უნდა გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი.

სიძულვილით ჩადენილი დანაშაული არის დანაშაული „რომელიც ჩადენილია იმის გამო, რომ მსხვერპლი, სინამდვილეში ან სავარაუდოდ, მიეკუთვნება რაიმე ჯგუფს, უმეტესად, რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის, მოქალაქეობის, წარმოშობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა ნიშნით,“.

ამავე განცხადებაში უფლებადამცველები აკრიტიკებენ ასევე დაცვის მხარის სტრაგეგიას და ამბობენ:

„სისხლის სამართლის საერთაშორისო ლიტერატურაში არსებობს „გეი პანიკის“ და „ტრანს პანიკის“, როგორც დაცვის მხარის არგუმენტის ცნება. აღნიშნული ტაქტიკა გამოიყენებოდა მსოფლიოში ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამნაშავე უთითებდა, რომ მსხვერპლის მხრიდან განხორციელდა „არაძალადობრივი სექსუალური ხასიათის“ შეთავაზება, რამაც ის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩააგდო და დანაშაულის ჩადენა განაპირობა.

აღნიშნული სტრატეგიის მიზანია, მოახდინოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა, მათ შორის მკვლელობათა გამართლება. დაცვის მხარე აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებისას უთითებს, რომ პირის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გამოხატვა არათუ ხსნის აღნიშნულ დანაშაულს, არამედ ამსუბუქებს/პატიობს კიდეც დამნაშავის მხრიდან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის, აფექტის შედეგად განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს.

დაცვის აღნიშნული ტაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. 1990 წლიდან აშშ-ის შტატებმა ეროვნულ დონეზე ასევე დაიწყეს აღნიშნული მეთოდის გამოყენების აკრძალვა სასამართლო პროცესებზე.”

განცხადებაში, რომელიც კოალიციამ გამოქვეყნა, ასევე ვკთხულობთ – „სამართალდამცავთა მხრიდან გამოძიებული უნდა იქნეს არა მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია, არამედ ბრალდებულის წინასწარგანწყობა და აღქმა, კერძოდ, დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო თუ არა მსხვერპლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ვარაუდით და სტერეოტიპული დამოკიდებულებებით,“.

კოალიციის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის“ [WISG] იურისტი, ქეთი ბახტაძე ნეტგაზეთთან ყვება, რომ დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება სისხლის სამართლის საქმეებში თანმიმდევრულ მუშაობას და სამართალდამცავთა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მისივე თქმით, საქმეებში სიძულვილის მოტივის გამოკვეთა არის სისტემური ხასიათის პრობლემა, რაც ამჟამად სამართალდამცავი უწყების ხარვეზზე მიუთითებს. ბახტაძე იხსენებს, რომ სიძულვილის მოტივი არ დამატებია ისეთ საქმეებსაც კი, როდესაც გენდერული დანაშული ყველაზე სასტიკ ფორმებს იღებს – მაგალითად,  ორი ტრანსი ქალის – საბი ბერიანის და ზიზი შეყელაძის მკვლელობის შემთხვევებში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რომ მოტივის იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებმა მსხვერპლის რეალური სექსუალური ორიენტაცია არ იკვლიონ. დღეს მოქმედი კანონმდევლობით, სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებისთვის გადამწყვეტია დამნაშავის აღქმა მსხვერპლის რომელიმე დისკრიმინირებულ ჯგუფთან კუთვნილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება მაინც უნდა მოხდეს იმისგან დამოუკიდებლად, მსხვერპლი რეალურად არის ლგბტქი ჯგუფის წევრი თუ არა.  

სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკით,  ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებისას პოლიციელები ცდილობენ მოიპოვონ აღიარება მსხვერპლის მხრიდან, რომ ის ნამდვილად მიეკუთვნება ლგბტქი თემს. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა“, – ამბობს ქეთი ბახტაძე. 

ქეთი ბახტაძე იხსენებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მედიაში გაშუქების შემთხვევებს, უთითებს მედიის პასუხისმგებლობაზე ამ დროს: მედიას აქვს ორი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში:

  1. ის არ უნდა შეიჭრას მსხვერპლის პირად ცხოვრებაში და მისი რეალური სექსუალური ორიენტაცია არ უნდა ეძებოს;
  2. მედიამ უნებლიეთ ან მიზანმიმიმართულად ხელი არ უნდა შეუწყოს სიძულვილის ენის ტირაჟირებას და სტიგმის გაძლიერებას. 

ბახტაძე სხვა ორგანიზაციებთან ერთად მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, გამოძიების  მიმდინარეობისას, მათ შორის, სიძულვილის მოტივის მოკვლევის დროს, არ შეგროვდეს ადამიანის პერსონალური ინფორმაცია – „არავის არ აინტერესებს, სინამდვილაში ეს ადამიანი რა სექსუალური ორიენტაციის არის, მთავარი არის, ამ შემთხვევაში მოძალადემ როგორ აღიქვა ის.”

იურისტი გვიყვება, რომ მათი ინფორმაციით, თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ჩვენება პოლიციისთვის არ მიუცია, მან ჩვენება მხოლოდ სასამართლოში მისცა. შესაბამისად, ის, რომ შსს და პროკურატურა საქმეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად არ განიხილავდნენ, სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

ამ მოცემულობაში ბრალდებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ერთადერთია, რომელშიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები ჩანს.  ქართული მართლმსაჯულება კი იძლევა იმის საშუალებას, რომ პირი დაისაჯოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი არ მიეკუთვნება რომელიმე ჯგუფს – „მაგრამ მოძალადემ ის აღიქვა, როგორც ამა თუ იმ ჯგუფის წევრი,“.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება და, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ საერთოდ არ არის საჭირო და აუცილებელი, ვეძებოთ მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია.

მეორე მხრივ, თავიდან უნდა ავირიდოთ მედიასაშუალებების მხრიდან მსხვერპლის პირად ცხოვრებაში უნებართვო შეჭრა“, – ამატებს იურისტი.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად ამ შემთხვევაში რატომ გამოიყენეს ადვოკატებმა ე.წ. გეი პანიკის ტაქტიკა, ბახტაძე ამბობს, რომ ეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისთვის მოხდა – „რათა ის სტიგმა, რომელიც არსებობს ლგბტ ჯგუფთან დაკავშირებით, გააძლიეროს და გამოიყენოს ბრალდებულის დასაცავად,“.

მისი შეფასებით, მსგავსი საქციელი ეწინააღმდეგება ადვოკატთა ეთიკის ნორმებს, მათ შორის, იმ პრინციპს, რომელიც ადვოკატს სხვისი აზრისგან და წინასწარგანწყობებისგან დამოუკიდებლობას უწესებს.

„ადვოკატების ტაქტიკა პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ წინასწარგანწყობებს“

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ნეტგაზეთს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის„ [EMC] ადამიანის უფლებათა მკვლევარი, ლიკა ჯალაღანია ესაუბრა.

ის ამბობს, რომ მართალია, საქმის ბევრი დეტალი ჯერჯერობით უცნობია, უშუალოდ ბრალდებულის ჩვენებითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ნეგატიური წინასწარგანწყობები ჰქონდა, შესაბამისად, საქმეში სიძულვილის მოტივით გამოკვეთა შესაძლებელია.

„ბუნებრივია, სრულიად მიუღებელია მსგავსი ტაქტიკის გამოყენება იმისთვის, რომ ამა თუ იმ სუბიექტს შეუმსუბუქდეს ბრალი ან ის გაამართლონ. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ სასამართლო ამ გარემოებას ან ბრალდებულის სიტყვებს გაითვალისწინებს. თუმცა ჩვენ ამბობთ იმას, რომ როდესაც ბრალდებულმა გამოხატა ამ ფორმით წინასწარგანწყობა, ეს არის მითითება იმაზე, რომ საქმეში, შესაძლოა, არსებობდეს სიძულვილის მოტივი“, – ამბობს ჯალაღანია.

ჯალაღანია გვიყვება, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ დანაშაულს იმით ამართლებს, რომ მას მეორე პირის ქცევა არ მოეწონა, შემდეგ კი ეს ინფორმაცია საჯარო ხდება – „პრობლემა ჩნდება იმის, რომ ამგვარი ქცევის ნორმალიზება არ მოხდეს,“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ადვოკატების მიერ სახელდებული ტაქტიკა, რომ აი, მე ვიყენებ „გეი პანიკის ან ტრანს პანიკის“ ტაქტიკას, არა. აღნიშნული სტრატეგია ამოზრდილია ჰეტერონორმატიული კულტურიდან და სწორედ ამიტომ, ადვოკატმა ჩათვალა, რომ ასეთ ქმედებას გაამართლებს ის, რომ ადამიანი ჩავარდა ძლიერ სულიერ მდგომარეობაში, ვინაიდან მიიღო რაღაც ტიპის შეთავაზება.

ეს პასუხობს იმ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ნეგატიურ განწყობებს, რომელიც უკვე არსებობს საზოგადოებაში. შესაბამისად, უცნაური ამ ფორმით არაფერი ყოფილა. უბრალოდ, როდესაც სტრატეგია არის ასეთი, ბუნებრივია, რომ ადვოკატთან მიმართებითაც შეიძლება დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობა“, – ამბობს ჯალაღანია.

ჩვენს კითხვაზე, თუ ახსენდება მსგავსი შემთხვევა, სადაც ბრალდებულის გამართლება მსგავსი ტაქტიკით სცადეს, მკვლევარი ამბობს, რომ თუმცა კონკრეტული შემთხვევების მოძიება რთულია, მსგავსი სტრატეგია იკვეთება ფემიციდის შემთხვევების დროსაც.

„ყველაზე აშკარად ჩანს ფემიციდის შემთხვევებში, როდესაც კაცის მხრიდან ცოლის, პარტნიორის ან ნაცნობი ქალის მვკლელობა ან მკვლელობის მცდელობა მართლდება იმით, რომ ქალი არ შეესაბამებოდა დადგენილ გენდერულ ნორმებს. მაგალითად, ის, რომ გამოწვევად ეცვა, ამ სუბიექტის აღქმით, საკვები ვერ მოამზადა გემრიელი ან თუნდაც ის, რომ პირობითად, ჰყავდა სხვა პარტნიორი, ე.წ. ღალატობდა ქმარს.

სასამართლო პროცესებზე ჩვენ ხშირად გვინახავს, რომ ამას შურისძიებას ან ეჭვიანობას ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში, შურისძიებაც და ეჭვიანობაც გენდერულ კონტექტში არის გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ვინაიდან პატრიარქალურ სისტემაში მიბმულია ქალის იდენტობასთან, იმასთან, რომ ქალი მოიქცა ისე.. არანორმატიულად მოიქცა, იმ გაგებით, რომ წინააღმდეგობა გაუწია დადგენილ მორალურ სტანდარტს“, – ამბობს ჯალაღანია.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი კარგი მაგალითი, სადაც დანაშაულის გამართლებას დაზარალებულის ქცევით ცდილობენ, ე.წ. ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაულია. ეს ის დანაშაულებია, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ან აზიანებს, ან კლავს, მიზეზად კი მის „ამორალურობას“ ან რაიმე დაწესებულ, ნორმასთან შეუსაბამო ქცევას ასახელებს.

ჩვენს კითხვაზე, რა შეიძლება იყოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, ჯალაღანია ამბობს, რომ ამგვარი ტაქტიკის გამოყენების აკრძალვა პრობლემას ვერ აღმოფხვრის. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას საკითხის მიმართ მგრძნობელობა გაეზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი