ახალი ამბები

“პომპეოს ჩემთან შეხვედრები, ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგა” – ნათელაშვილი

17 ნოემბერი, 2020 •
“პომპეოს ჩემთან შეხვედრები, ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგა” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლას ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტად აფასებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში:

“რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც ერთ კონკრეტულ ადმინისტრაციას ან პიროვნებას კი არ უკავშირდება, არამედ მთლიანად ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს უაღრესად ფეთქებად რეგიონში, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, დღეს ცეცხლის და დენთის კასრია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოფნა და არყოფნა, მათ შორის, სახელმწიფოებრივი პრობლემები, უკავშირდება ვაშინგტონიდან მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა აუცილებლად იქნება, მაგრამ აქ დემოკრატია უნდა იყოს იმ გაგებით, რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლა მაინც ისწავლონ მათ, ვისაც ეხება და ნამუსი იქონიონ მათ, ვინც ორი ვადით იყო ხელისუფლებაში, ქვეყანა გაგვინადგურა და ახლა მესამე ვადაზე მოფორთხავს. ვერ მიფორთხდება, ივანიშვილს ვეუბნები, მისი გზა ციხესა და საერთაშორისო ტრიბუნალზე გადის”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათელაშვილი ამბობს, რომ კომპეოს ვაშინგტონში ხშირად ხვდებოდა, როცა კონგრესმენი იყო და მას ნათელაშვილთან შეხვედრები კარიერაშიც წაადგა:

“პომპეოს მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი ვაშინგტონში, როცა ის კონგრესმენი იყო კანზასიდან. შემდგომ, ჩემთან შეხვედრები, ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგა და დააწინაურეს “ცეერუს” (იგივე  CIA) დირექტორად, მერე გახდა სახელმწიფო მდივანი. ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, ოღონდ არ ვიცი, შევხვდები თუ არა” ,– ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი