ახალი ამბები

კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ და კომპენსაციის სახით 41 ლარს მოითხოვენ

17 ნოემბერი, 2020 • 1750
კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ და კომპენსაციის სახით 41 ლარს მოითხოვენ

20-მდე ადამიანი ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 41 ლარს მოითხოვენ. როგორც მოსარჩელეების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ნეტგაზეთს უთხრა, მომჩივანთაგან ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი იყო და კობახიძემ მათზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს ისინი არეულობის მოწყობას აპირებდნენ. ადვოკატის თქმითვე, ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ კობახიძემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომელის მიზანი ამ ადამიანებისა და სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია იყო, რაც ლახავდა მათ პატივსა და ღირსებას.

“ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ პირადი Facebook გვერდების გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი და სინამდვილესთან შეუსაბამო სხვადასხვა პირთა მადისკრედიტებელი ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ მის პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და, ამავდროულად, ცრუ ინფორმაციის საკომპენსაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, სიმბოლურად 41 ლარი”,-აცხადებს ბასილაია.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ძალადობასა და პროვოკაციებს გეგმავს. კობახიძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძესა და დიმიტრი შაშკინს- მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, „რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“.

5 ნოემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) იმყოფებოდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა კობახიძემ განაცხადა, სუს-იდან იმ ინფორმაციის გამო დაუკავშირედნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე გაავრცელა, რაც, მისი თქმით, “ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს” უკავშირედებოდა.

კობახიძე ენმ-ს “ელექტროშოკებიანი და ხელკეტებიანი ეკიპაჟების” მობილიზებაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი