ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრიზისიდან გამოსავალი მთავრობის გადადგომაა | სომხეთის პრეზიდენტი

17 ნოემბერი, 2020 • 971
კრიზისიდან გამოსავალი მთავრობის გადადგომაა | სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი კონსტიტუციის ფარგლებში მთავრობის გადადგომა და ახალი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთის პოლიტიკური წრეები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

“ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი, რაც 26 სექტემბერს იყო [ომის დაწყებამდე] და არც ისეთი, რაც 8 ნოემბერს გვქონდა [ომის დასრულებამდე]. ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ რეალობა და გავაგრძელოთ ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. ბოლო დღეების განმავლობაში მე მქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და შეხვედრები არაერთ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ჯგუფთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ინდივიდებთან და სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ორ რამეზე, ესაა: პრემიერ-მინისტრის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ახლა ყველა შეცდომას შეიძლება კატასტროფული შედეგი ჰქონდეს, ამ პირობებში არ არსებობს სხვა ალტერნატივა სომეხი ხალხისთვის, გარდა გაერთიანებისა”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ საქრისიანმა.

სარქისიანის თქმით, რიგგარეშე არჩევნები გარდაუალია და მთავრობის პასუხისმგებლობაა, სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინოს სამომავლო პოლიტიკური პროცესების დროში გაწერილი გეგმა.

“ვფიქრობ, ერთადერთი საპასუხისმგებლო მიდგომა აღნიშნულ მომენტში იქნება ის, რომ მთავრობამ და მმართველმა ძალამ სწორად შეაფასოს საკუთარი პოტენციალი და წარმოადგინოს სამომავლო პოლიტიკური პროცესების გეგმა მოკლე ვადებში, რაც ამავდროულად დროში იქნება გაწერილი”, – აცხადებს იგი.

გარეკანზე ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი/2018*


სომხეთის დედაქალაქში აქციები 10 ოქტომბრის ღამეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებას, რომლის მიხედვითაც, სომხურმა მხარემ უნდა დათმოს ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები, ასევე უზრუნველყოს ნახიჩევანის კორიდორის მშენებლობის შესაძლებლობა. აქციები უკვე მე-6 დღეა გრძელდება. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. დღეს თანამდებობა დატოვა მმართველი პარტიის 4-მა დეპუტატმა, რომელთა განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, სადაც იგი ჯარისკაცებს მხარდაჭერას სთხოვს, სამოქალაქო ომისადმი მოწოდებაა. პოსტი დატოვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ზოჰრაბ მნაცაკანიანმაც. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იგი ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი