ახალი ამბები

სხვადასხვა მიმართულებებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია — ტოლერანტობის ცენტრი

16 ნოემბერი, 2020 • 998
სხვადასხვა მიმართულებებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია — ტოლერანტობის ცენტრი

ტოლერანტობის ცენტრის, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების 15 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობის შედეგად სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირების მაჩვენებელმა.

ამასთან, გაუქმდა რელიგიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კანონმდებლობის დიდი ნაწილი, შეიცვალა სასჯელაღსრულების სისტემაში ღვთისმსახურთა დაშვების დისკრიმინაციული წესი, წინააღმდეგობა გაეწია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის საკითხს, რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ სპეციალური კანონის შემოღებას გაეწია წინააღმდეგობა, ხელი შეეშალა სკოლებში რელიგიის ცალმხრივ, დისკრიმინაციული ხასიათის სწავლების შემოღებას და შეიქმნა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ლიბერალური რეჟიმი. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციიდან ამოიღეს რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი 3 შეუსაბამო მუხლი და სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემაში შევიდა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვასთან დაკავშირებული კრიტერიუმები.

ასევე, ეროვნული უმცირესობების საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა მრავალი სახელმწიფო პროგრამა და სხვა აქტივობები, კერძოდ:

  • სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებისა და წინადადებების შესაბამისად, ჩამოყალიბდა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;
  • ჩამოყალიბდა და გაძლიერდა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების სისტემა.
    ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა სასკოლო სახელმძღვანელოები და ხელი შეეწყო თარგმანის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • დაიწყო არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების მომზადება/გადამზადება; ეროვნული უმცირესობებისთვის შემოღებულ იქნა უმაღლესი განათლების ე.წ. 1+4 სისტემა;
  • მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობებისთვის სასკოლო განათლების ფარგლებში დაინერგა მშობლიური ენის სწავლება.
    განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაციის საკითხს;
  • რესტავრაცია ჩაუტარდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ე.წ. ოსურ სახლს;
  • მხარდაჭერილ იქნა ნინოწმინდაში ე.წ. „სიროტსკი დომი“;
  • ქვემო ქართლის მეჩეთების ნაწილი შეტანილ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდროების ძეგლთა ნუსხაში;
  • მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული უმცირესობების ინფორმირების სისტემის განვითარებისკენ;
  • საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვნი მონაწილეობის მიზნით, ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა საარჩევნო დოკუმენტაცია და განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა.

“ამ ხნის განმავლობაში, ტოლერანტობის ცენტრმა, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებთან ერთად, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება შევძელით: გამოიცა ენციკლოპედიური კრებულები- „ეთნოსები საქართველოში“ და „რელიგიები საქართველოში“, იბეჭდებოდა ჟურნალი „სოლიდარობა“; ჩატარდა სასკოლო ვიქტორინები რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცოდნის გამოსავლენად; გაიმართა მედიაკონკურსები, გამოფენები, დისკუსიები უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში თუ სხვა.

ტოლერანტობის ცენტრი, საბჭოებთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებდა ქსენოფობიის, კონკრეტულად, არმენოფობიის, თურქოფობიის, ისლამოფობიის, ანტისემიტიზმის გამოვლინებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვმუშაობდით რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არსებული ნეგატიური სტერეოტიპების და მითების გასანეიტრალებლად”, – წერია მიმართვაში.

ასევე, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა თბილისში ასურულ-კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისა და ამოქმდებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების განეიტრალება, სხვადასხვა პროტესტანტული ჯგუფების თანმიმდევრული დაცვა. ასევე, სოფელ ფლატეში ისტორიული მეჩეთის ნგრევის შეჩრება, ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, ჭელაში, მოხეში, ქობულეთსა და ბათუმში მუსლიმთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

“ერთ-ერთ მთავარ მიღწევად უნდა დასახელდეს, რომ ურთულეს, ხშირად სრულიად არაკეთილგანწყობილ გარემოში მუშაობის მიუხედავად, ბევრი დაბრკოლების გადალახვის შედეგად, შევძელით შეგვექმნა და დღემდე შეგვენარჩუნებინა თანასწორობაზე დამყარებული თანამშრომლობისა და დიალოგის სივრცე, სადაც ჟღერდა უმცირესობათა პრობლემების შესახებ რეალური, შეულამაზებელი, კრიტიკული ხმა.

შევძელით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ზოგჯერ დაპირისპირებული რელიგიური ჯგუფებისა და ეთნიკური ორგანიზაციების ერთ სივრცეში ჰარმონიული თანაარსებობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებისთვის ევროპის საბჭოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (FCNM) შეფასებებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ხაზგასმულია ტოლერანტობის ცენტრისა და საბჭოების როლი. ასევე, საქართველოში უმცირესობათა უფლებებისა და ტოლერანტობის მდგომარეობის შეფასების მხრივ, განცხადებაში ხაზგასმულია ცენტრსა და საბჭოებთან სახელმწიფოს თანამშრომლობის როლიც.

“აქვე გვსურს გულისტკვილით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში, ჯერ კიდევ დიდი და მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე დგას რელიგიის თავისუფლების სრულფასოვანი დაცვა, მიუღწეველი მიზანია თანასწორუფლებიანი გარემო და შეფერხებულია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია, იქნება ეს კანონის უზენაესობის დაცვა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში, უთანასწორო გარემო, ძალადობა თუ შეუწყნარებელი, სტერეოტიპების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური განწყობები, რომლებიც უმცირესობებს სტუმრებად, უცხოებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ან სულაც ქვეყნისთვის მტრულ ძალად წარმოაჩენს. უმცირესობათა წარმომადგენლები სრულყოფილად ისევ არ არიან ჩაბმულნი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – აღნიშნულია მიმართვაში.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით, 15 წლის განმავლობაში ცენტრის და საბჭოების მუშაობას ხელს უწყობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

მასალების გადაბეჭდვის წესი