ახალი ამბები

IRI-ის შუალედური ანგარიში | არჩევნები 2020

16 ნოემბერი, 2020 • 1059
IRI-ის შუალედური ანგარიში | არჩევნები 2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და  21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის რეკომენდაციებს.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა განაცხადა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა”, —  განაცხადა სტივენ ნიქსმა.

IRI-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე ნეგატიურად იმოქმედა.

ორგანიზაციის განცხადებით, დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია:

  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,
  • ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა,
  • საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

ორგანიზაციის ანგარიში წინაასაარჩევნო პერიოდის მიმოხილვით იწყება და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასაც ეხება. ანგარიშის თანახმად,  არსებობს ეჭვები ცესკო-ს, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მათი თქმით,  საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების რეფორმის შესახებ, არ იყო გათვალისწინებული ივნისსა და ივლისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებში.

ანგარიშის თანახმადე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული დარღვევა, თუმცა მათი რიცხვი არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გაიზარდა.

“მიუხედავად იმისა, რომ 40-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს , წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა თავდასხმა კამპანიის აქტივისტებზე, კამპანიისთვის განკუთვნილი ნივთების/ქონების დაზიანება და სხვა პროვოკაციული ქმედებები, მაგალითად, ე.წ. “ათლეტების” რეკრუტირება ამომრჩევლის დასაშინებლად. ასევე, ანგარიშებში ხშირად იყო აღწერილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები, სამუშაო საათებში კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართვის პრეცედენტები, სოციალური დახმარებით მანიპულირების ფაქტები და ადგილობრივი ძალოვანი ორგანოების მიერ დაშინების შემთხვევები”.

წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებაში მოხვდა უწყებათაშორისო კომისიის მუშაობა.  ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კომისია მოქმედებდა მმართველი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, როცა კომისიის მიზანი უნდა ყოფილიყო არჩევნებზე არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილება და საჩივრების ეფექტური გადაწყვეტა.

ანგარიშში ასევე საუბარია საარჩევნო კამპანიის ფინანსებზე და ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა დადებითად ფასდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორგანოს არ გააჩნია საკმარისი რესურსები ეფექტური გამოძიებების წარმოებისათვის.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოსა და დეზინფორმაციაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ტელევიზია საინფორმაციო სივრცეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მოსახლეობის ნდობა მედიასაშუალებების მიმართ დაბალია. მათი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისგან მუდმივად თავის იკავებს, რის გამოც მოსახლეობა ვერ ახერხებს მიიღოს სრული ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროგრამის შესახებ და, შესაბამისად, ვერ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება როგორც შიდა, ასევე, გარე დეზინფორმაცია.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, IRI-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღე ძირითდად მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში.

თუმცა “სანდო დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაცემებზე” დაყდრნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ  “ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროცედურულ ხარვეზებს, როგორიცაა: მარკირების პროცესის დარღვევა, ამომრჩევლისთვის საარჩევნო ჯიხურთან ფოტოს გადაღების ფაქტები, რაც ხმის ფარულობის დარღვევაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებში ბუნდოვანება, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სუსტი დაცვა და შემაჯამებელ ოქმების მანიპულაციების ფაქტები”.

ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი არჩევნების შედეგების მართვას და ნათქვამია, რომ რიგ მიზეზთა გამო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო შედეგების მართვის პროცესი ინსტიტუციონალურ გამოსწორებას საჭიროებს. ორგანიზაციის განცხადებით, უნებლიე შეცდომები არსებობს ყველა არჩევნების დროს. თუმცა, ცესკო-ს მონაცემებით, შესწორებული ოქმების რაოდენობა შეადგენს 1,167-ს (537 პროპორციული და 594 მაჟორიტარული) – დაახლოებით ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე დაფიქსირდა 2016 წელს.

“მიუხედავად იმისა, რომ ოქმების ნაწილი შესწორებულ იქნა კანონიერი მიზეზით, მაგალითად, არასწორი დროის, ხელმოწერის ან მცირე მათემატიკური შეცდომის გამო, დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. არჩევნების დღის შემდგომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შენიშნა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული”, — ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, ცესკო-ს არჩევნების შედეგების შეჯამების სისტემა – მათ შორის, შემაჯამებელი ოქმების განხილვა, ცესკო-ს ინსტრუქციები არჩევნების დღის პროცედურებზე, ცესკო-ს სახელმძღვანელო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და საარჩევნო კოდექსის დებულებები – მოიცავს სუსტ მექანიზმებს იმისთვის, რომ მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგების ჯვარედინი შემოწმება, მათემატიკური სიზუსტის უზრუნველყოფა და გადამოწმება შედეგების საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნამდე.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საჩივრებსაც. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო შედეგების დათვლაში არსებულმა ხარვეზებმა, შემაჯამებელ ოქმებში დაშვებულმა შეცდომებმა, პროცესის გაუმჭვირვალობამ და ზოგადმა პროცედურულმა პრობლემებმა გამოიწვია 1900-მდე საჩივრის დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნების შემდგომ დღეს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სწორედ დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა გახდა ასობით საჩივრის დაწერის საფუძველი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სანდოობის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი. ანგარიშში მოხვდა საარჩევნო შედეგების დათვლასთან დაკავშირებული დარღვევები, რომლებიც დააფიქსირა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია). კერძოდ ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს შემაჯამებელ ოქმებში შესწორება შეჰქონდათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა- განმარტებითი ბარათების საფუძველზე, “ხშირად, საჩივრის განხილვის გარეშე, ისე, რომ არ ხდებოდა დალუქული დოკუმენტების გახსნა და ახსნა-განმარტებებში აღწერილი მონაცემების სიზუსტის გადამოწმება”.

ანგარიშში საუბარია ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარებაზე და ნათქვამია, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი