ახალი ამბები

მოლდოვის არჩევნებში პროევროპული ორიენტაციის ოპოზიციონერი იმარჯვებს: ეგზიტპოლი

16 ნოემბერი, 2020 • 1179
მოლდოვის არჩევნებში პროევროპული ორიენტაციის ოპოზიციონერი იმარჯვებს: ეგზიტპოლი

მოლდოვის ოპოზიციის კანდიდატი მაია სანდუ, ეგზიტპოლის თანახმად, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამარცხებს მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს. კენჭისყრა 15 ნოემბერს გაიმართა.

“როტერის” თანახმად, ეგზიტპოლის შედეგებით, მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოების მომხრე მაია სანდუს ამომრჩეველთა 54.8%-მა დაუჭირა მხარი, ქვეყნის მოქმედ ლიდერს, იგორ დოდონს კი, რომელიც პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად განიხილება, ხმათა 45.2% აქვს.

მსოფლიო ბანკის ყოფილ ეკონომისტს, მაია სანდუს, მკაცრი მიდგომები აქვს კორუფციასთან დაკავშირებით. ის გასულ წელს მოლდოვის მთავრობასაც მეთაურობდა, თუმცა მინისტრთა იმჟამინდელმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა ვერ დაიმსახურა.

არჩევნების წინ, სანდუ მოსახლეობას დაპირდა, რომ ევროკავშირის მეტი ფინანსური მხარდაჭერის მოსაზიდად იმუშავებს.

“დღეს გაქვთ შანში, დასაჯოთ ისინი, ვინც მოგატყუათ, გაგქურდათ, გაჭირვებაში ჩაგაგდოთ ან თქვენი სახლებიდან შორს გაგამწესათ”, – მიმართა სანდუმ ამომრჩეველს 15 ნოემბრის დილას.

მოქმედი პრეზიდენტი დოდონი ქვეყანას 2016 წლიდან მართავს. იგი პრორუს პოლიტიკოსად განიხილება. “დოიჩეველესთვის” მიცემულ ინტერვიუში დოდონმა თქვა, რომ მოლდოვას აკლია “ისეთი პატრიოტი პოლიტიკოსი, როგორიც პუტინია”. თავად დოდონი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრორუსი პოლიტიკოსია და თავს “პრომოლდაველ პოლიტიკოსს” უწოდებს.

არჩევნების დღეს მან თქვა, რომ ხმა მისცა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და “დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას”. მისი თქმით, არ სურს, მოლდოვა “გეოპოლიტიკური თამაშების” ნაწილი იყოს.

ფიქრობენ, რომ საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, სანდუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის იმუშავებს, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობას პრორუსული “სოციალისტური პარტია” ფლობს. მისი ყოფილი ლიდერი სწორედ იგორ დოდონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი