იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც “ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერია, აცხადებს, რომ ჭორია ინფორმაცია მისი შესაძლო გაპრემიერების შესახებ. აღნიშნულზე მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“ეს არის ჭორი, წერტილი – როგორც იტყოდა ამჟამინდელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი გახარია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პრემიერი იყო გახარია, როდესაც კანდიდატს კი არ ვასახელებდით, არამედ ვასახელებდით პრემიერს, როდესაც 20-ეულის წარდგენა მოხდა.
რა თქმა უნდა, მე როგორც აქამდე ვიყავი “ქართული ოცნების” და მისი გუნდის რიგითი წევრი და მებრძოლი იმ ღირებულებებისთვის, რითაც პირველ ოქტომბერს მოვედით ხელისუფლებაში, ასეთად დავრჩები პარლამენტში”, – ამბობს ის.
11 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესსნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ წულუკიანი საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება და პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.