ახალი ამბები

ოპოზიციამ უარი თქვა 1500-მდე უბნის გადათვლაზე – კალაძე

14 ნოემბერი, 2020 •
ოპოზიციამ უარი თქვა 1500-მდე უბნის გადათვლაზე – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მათ ოპოზიციას სადავო უბნების შედეგების გადათვლა შესთავაზეს, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.

“ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, გადაგვეთვალა ის კონკრეტული უბნები, სადაც ისინი სვამდნენ კითხვისნიშნებს, საუბარია 1 500 უბანზე, სადაც ISFED-ს ჰქონდა მინიშნებები. ისინი ხომ საუბრობენ გაყალბებაზე, აქ ვართ ყველანი, მივიდეთ, გავხსნათ ეს უბნები და ყველაფერი გამოჩნდება”, – თქვა კალაძემ დღეს, 14 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს, ან მსგავს საკითხებს.

“არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე “ქართული ოცნების” მხარდაჭერაში.

პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,”ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს”, – აღნიშნა კალაძემ.

მან თქვა, რომ ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჯერ არ უნდა გამხდარიყო საჯარო. როგორც ის ამბობს, “ოპოზიციამ უარი განაცხადა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე — ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.”

“როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ”, – თქვა “ოცნების” გენერალურმა მდივანმა და გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება.

“გადათვლის საკითხი დაიხურა” – რას ამბობენ ოპოზიციონერები მოლაპარაკების II რაუნდის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი