ახალი ამბები

“მოსახვედრს უნდა მოხვდეს” – ლევან ცქიტიშვილი GFF-სთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე

13 ნოემბერი, 2020 • 2053
“მოსახვედრს უნდა მოხვდეს” – ლევან ცქიტიშვილი GFF-სთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე

ვეტერანი ფეხბურთელი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ლევან ცქიტიშვილი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან მომხარ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა, ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ “მოსახვედრს უნდა მოხვდეს”:

“ბოდიში, ოპერატორს თუ შეგეხეთ, მაგრამ ვისაც მოსახვედრი იყო, უნდა მოხვდეს”, – ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი მედიასთან.

ლევან ციქტიშვილი მომიტინგეებს პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი დედას იგინებოდნენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ფედერაციის კანცელარიაში ჩაფუშული ბურთისა და ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” დატოვებას გეგმავდნენ, რაც “მორალისგან დაცლილი ხელისუფლებისა” და უთანასწორობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

ფედერაციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის შედეგად დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი.

ფეხბურის ფერედარციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აქციებს პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ ნაკრებს ორი თამაში აქვს გასამართი ერთა ლიგის ფარგლებში და ახლა გამხნევება სჭირდებათ. დავით მუჯირის თქმით, ქართველ გულშემატკივარს ფედერაციის არცერთი წარმომადგენელი არ დაპირისპირებია, თუმცა “პროვოკატორებს” შესაძლოა დაუპირისპირდნენ:
“კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არავის ფედერაციიდან, მათ შორის ის ვეტერანი ფეხბურთელები, არცერთი მათგანი არ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს. კადრებში ჩანს, რომ მაშინ ,როდესაც მძიმე წუთები გვაქვს ქართულ ფეხბურთს და ყველა ძალიან ნერვიულობს სპორტულ შედეგზე, მოვიდა ფედერაციასთან პროვოკატორთა ჯგუფი, მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფედერაციასთან დღეს არაფერ შუაშია. პროვოკატორებს, რომლებიც იქცევიან ანტისახელმწიფოებრივად, მათ შეიძლება დაუპირისპირდნენ“, – ამბობს მუჯირი.

ფეხბურთის ფედერაციასთან მოქალაქეები აპროტესტებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებას გუშინდელ მატჩზე, რომელიც პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრა, ეპიდვითარების გამო, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ კადრებში ჩანდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად.

მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია. ოთხივე მათგანი პირველი არხის გადაცემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეთერში მატჩის დაწყებამდე გავიდა დინამო არენას სტადიონზე მოწყობილი სტუდიიდან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, თამაშს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ამ ინფორმაციას მედიასაშუალებებიც ავრცელებენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყო, შესაბამისად, 22:00 საათიდან მოქმედებდა მთავრობის მიერ დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც 22:00-დან 5:00-საათამდე ქალაქში გადაადგილებას კრძალავს და გამონაკლისს უშვებს მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალური საშვების მინიჭებით.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო უეფამ ქვეყნებს უფლება მისცა სტადიონებზე ადგილების საერთო ტევადობის 30%-ზე დაესვათ ქომაგები, თუმცა გადაწყვეტილება თავას მასპინძელ ქვეყნებს უნდა მიეღოთ. საქართველოს მთავრობამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი