ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთში ჩვენი ელჩის განცხადება ყარაბაღის სტატუსზე მიუღებელია – ალიევის ასისტენტი

13 ნოემბერი, 2020 • 1251
რუსეთში ჩვენი ელჩის განცხადება ყარაბაღის სტატუსზე მიუღებელია – ალიევის ასისტენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ასისტენტმა ჰიკმეთ ჰაჯიევმა „მიუღებელი“ უწოდა რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის ნათქვამს ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის კულტურული ავტონომიის მინიჭების შესაძლებლობაზე.

აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში, ფოლად ბულბულოღლიმ 12 ნოემბერს ისაუბრა მთიან ყარაბაღში სომხური მოსახლეობის „კულტურული ავტონომიის“ შესახებ და თქვა:

„დღეს არანაირი სტატუს-კვო არ რსებობს… ეს შეიძლება იყოს კულტურული ავტონომია სომეხი მსოსახლეობისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ“.

13 ნოემბერს კი ილჰამ ალიევის ასისტენტმა ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა: „რაც რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა განაცხადა აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით მიუღებელია, სანამ საკითხი სიღრმისეულად არ გაანალიზდება. აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა და სხვა დიპლომატებმა საზღვარგარეთ თავი უნდა შეიკავონ შერჩევითი განცხადებებისგან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ოფიციალურ პოზიციასთან და პოლიტიკასთან, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიჰყვება“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი 10 ნოემბერს, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სატელევიზიო მიმართვისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებული ომის შეწყვეტის შეთანხმება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ.

„სად არის სომხური მხარის მოთხოვნები, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო? როცა მე მათ ავტონომია შევთავაზე, მათ უარი განაცხადეს. „ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, მითხრეს სომხებმა. შეთანხმებაში არცერთი სიტყვა არაა სტატუსის შესახებ. რა მოხდა? არცერთი სიტყვა არ არის ამის შესახებ და არც იქნება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ”, – განაცხადა  ალიევმა.

მანამდე, ბრიტანული BBC-ის ეთერში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურ მოსახლეობას შეეძლო ესარგებლა თვითმმართველობის უფლებით, თუმცა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სრულად აღადგენდა კონტროლს მთიან ყარაბაღზე. ალიევის თქმით, შესაძლებელი იყო მუნიციპალური მმართველობა და/ან კულტურული ავტონომია.

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი საუბრობს ყარაბაღში სომეხთა კულტურულ ავტონომიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი