ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი საუბრობს ყარაბაღში სომეხთა კულტურულ ავტონომიაზე

12 ნოემბერი, 2020 • 812
რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი საუბრობს ყარაბაღში სომეხთა კულტურულ ავტონომიაზე

აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში, ფოლად ბულბულოღლი საუბრობს მთიან ყარაბაღში სომხური მოსახლეობის „კულტურული ავტონომიის“ შესახებ.

„დღეს არანაირი სტატუს-კვო არ რსებობს… ეს შეიძლება იყოს კულტურული ავტონომია სომეხი მოსახლეობისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ“, – განაცხადა 12 ნოემბერს ელჩმა სააგენტო Россия сегодня-ში პრესკონფერეციაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ყარაბაღის ომის სომხური მხარისთვის წარუმატებლად დასრულების ფონზე, 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის მიზანი არ შეცვლილა და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საერთაშორისო დონეზე ცნობა „აბსოლუტურ პრიორიტეტად“ რჩება.

ყარაბაღის დამოუკიდებლობას ამ დრომდე არც სომხეთის რესპუბლიკა ცნობს ოფიციალურად. მის დამოუკიდებლობას მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი ცნობენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი 10 ნოემბერს, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სატელევიზიო მიმართვისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებული ომის შეწყვეტის შეთანხმება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ.

„სად არის სომხური მხარის მოთხოვნები, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო? როცა მე მათ ავტონომია შევთავაზე, მათ უარი განაცხადეს. „ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, მითხრეს სომხებმა. შეთანხმებაში არცერთი სიტყვა არაა სტატუსის შესახებ. რა მოხდა? არცერთი სიტყვა არ არის ამის შესახებ და არც იქნება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მანამდე, ბრიტანული BBC-ის ეთერში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურ მოსახლეობას შეეძლო ესარგებლა თვითმმართველობის უფლებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სრულად აღადგენდა კონტროლს მთიან ყარაბაღზე. ალიევის თქმით, შესაძლებელი იყო მუნიციპალური მმართველობა და/ან კულტურული ავტონომია.

სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი დღეს ღამით მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუს მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი