ახალი ამბები

ცერცვაძე: ზოგს ჰგონია, მიტინგზე გასვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდუსაფრთხოება

12 ნოემბერი, 2020 •
ცერცვაძე: ზოგს ჰგონია, მიტინგზე გასვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდუსაფრთხოება

ინფექციური საავადმოფოს ხელმძრვანელი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და იმ პირებს აკრიტიკებს, რომლებიც ამ რეგულაციებს არ იცავენ პირადი თუ პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე:

“გარკვეული რაოდენობა ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დემონსტრაციულად ახდენს კოვიდის იგნორირებას და, შესაბამისად, რეგულაციების უგულებელყოფას. მიზეზი სხვადასხვაა, ზოგს არ სჯერა, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მიიჩნევს, მიტინგზე გასვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდუსაფრთხოება. ზოგს უბრალოდ თვითდამკვიდრება უნდა და თავის გამოჩენა, რომ ის არ არის მშიშარა და კოვიდი ვერაფერს დააკლებს. 

ის ნაწილი მოსახლეობის, რომელსაც არ სჯერა კოვიდის ან უბრალოდ ადრენალინი უნდა, რომ გარისკოს, არ გაიკეთოს პირბადე, წავიდეს ხალხმრავალ შეკრებაზე და ა.შ. მივმართავ ამ ადამიანებს, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რასაც საზოგადოების ნაწილი უშვებს. ბევრი მინახავს ამ კატეგორიის ადამიანებისა, რომლებსაც დაემართა კოვიდი. სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, როცა ჩვენთან მოხვდებიან, იხვეწებიან, გადაგვარჩინეთო. 

თუნდაც ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილს კოვიდი რომც დაემართოს, მსუბუქად გადაიტანენ და შეიძლება ესაც აქეზებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ახალგაზრდებო, რომ სახლში გყავთ ასაკოვანი ოჯახის წევრები და მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დავიმკვიდროთ და მეგობრებთან მოვიწონოთ, ან პოლიტიკური მოტივებით, ამის გამო ნუ გაწირავთ სასიკვდილოდ მათ” ,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

12 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3120 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან უმეტესობა – 1033 თბილისში დადასტურდა. ამასთან, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.

მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2358 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, 33 პაციენტიდან 11 გარდაიცვალა თბილისში, 11- აჭარაში, იმერეთში- 7, ქვემო ქართლში- 1, გურიაში- 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 69681 შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შორის გამოჯანმრთელდა 52 169, გარდაიცვალა 599 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი