ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, დამაკავონ — ბურდული ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე

12 ნოემბერი, 2020 • 1778
არ გამოვრიცხავ, დამაკავონ — ბურდული ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე

ცესკოს ყოფილ თანამშრომელ ივანე ბურდულზე, რომელმაც “არჩევნების გაყალბების” მიზეზით სამსახური დატოვა, საინფორმაციო სააგენტო „კვირამ“ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელა. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არაა, თუმცა „კვირა“ აცხადებს, რომ ჩანაწერი ექსკლუზიურად მოიპოვა მესამე პირისაგან.

ჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, ხატია ფერსაშვილისგან ითხოვს, გადადგას იგივე ნაბიჯი, რაც თვითონ გადადგა.

თავად ივანე ბურდული “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ შემდგარა და გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია. ბურდულის თქმით, ჩანაწერის გავრცელება მისი დაშინების მცდელობაა და არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

“დღეს გავრცელდა ეს ჩანაწერი, რომ თითქოს მე ჩემს თანამშრომელს ვესაუბრები და ვთავაზობ მას ქრთამს, ეს არის ჩემი დაშინების მცდელობა, იქ უშვერად მოხსენიებული არიან ჩემი თანამშრომლები. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ ვუფრთხილდები მე ურთიერთობებს და სწორედ აქ მირტყამენ ლახვარს. მსგავსი საუბარი არ შემდგარა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დამონტაჟებულია, თუმცა ამ ტექნიკურ დეტალებში მე ვერ ვერკვევი. არ გამოვრიცხავ, დამაკავონ, თუმცა საგამოძიებო უწყებიდან ჯერ არავინ დამკავშირებია”, — ამბობს ივანე ბურდული “მთავარ არხთან”.

ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება 6 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც თავად განმარტავს “მთავარ არხთან” საუბრისას, სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

“მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგ მიზეზთა გამო, მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის”, – განაცხადა ბურდულმა.

ცესკოს თანამშრომლის თქმით, სამსახურიდან “არჩევნების გაყალბების” გამო მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი