ახალი ამბები

ოპოზიციის კომპრომისია, რომ ახალ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა – ნათელაშვილი

12 ნოემბერი, 2020 • 1402
ოპოზიციის კომპრომისია, რომ ახალ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილის თქმით, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში ჩაერთვნენ და მათი შუამავლობით გაგრძელდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციები.

“როგორც მოსალოდნელი იყო, რთული პოლიტიკური კრიზისის, რაც წარმოიშვა გაყალბებული არჩევნების შედეგად და რის გამოც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები. ამ შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა. ეს ასე იყო წინა პერიოდშიც, როცა მოლაპარაკებები 8 მარტის ხელშეკრულებით დაგვირგვინდა და მოსალოდნელი გახლდათ, რომ მეგობრები არც ახლა მიგვატოვებდნენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, დახურულ შეხვედრებზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალური განხილვა მასმედიასთნ არ მოხდება, თუმცა შეუძლია თქვას, რომ ოპოზიცია, როგორც არასდროს, ერთიან პოზიციაზეა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიულეტენების ხელახლა გადათვლა აწი ისე არ უშველის მდგომარეობას, “როგორც მიცვალებულს- რეანიმაცია”.

“ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ და მშიერი ვიყოთ, ამ გზაზე წავალთ. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება”, – დასძინა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს. კონსულტაციებში ის ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ, რომელთაც, ცესკოს წინასწარი შედეგებით, 1%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად სხვა პარტიებმაც გადალახეს ბარიერი და კონსულტაციებში უნდა ჩაერთონ. “ქართული ოცნებიდან” შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობს.

“არჩილ თალაკვაძე არ გახლავთ გამოუცდელი პოლიტიკოსი და მან კარგად იცის, რომ ამ შედეგების აღიარება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც საკუთარი ყურების უსარკოდ ნახვა”, – განაცხადა შალვა ნათელაშილმა.

მისი თქმით, კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან ახალ არჩევნებში მონაწილეობა იქნება.

“ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ განვაცხადოთ, რომ  თუ “ოცნება” მიიღებს მონაწილეობას რომელიმე არჩევნებში, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, სად წავლენ მერე? ამიტომ ნუ წაგვიყვანენ რადიკალიზმზე”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხვდებიან ერთმანეთს

მასალების გადაბეჭდვის წესი