ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

3 პირი დააკავეს ფაშინიანის რეზიდენციაში შეჭრის და ქურდობის ბრალდებით

12 ნოემბერი, 2020 • 806
3 პირი დააკავეს ფაშინიანის რეზიდენციაში შეჭრის და ქურდობის ბრალდებით

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (NSS-მა) სამი ადამიანი დააკავა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციის გაქურდვის ბრალდებით.

მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ომის შეწყვეტის შესახებ, რომელიც სომხეთისთვის წამგებიანად დასრულდა, ერევანში არეულობა დაიწყო.

აქციების პარალელურად, დემონსტრანტები შეიჭრნენ პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიაში. იმავე ღამით ფაშინიანის რეზიდენციაში რამდენიმე პირი შეიჭრა და დაარბია.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, — სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის გადაღებული, — სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ფაშინიანის რეზიდენციაშია შეჭრილი, ოთახიდან-ოთახში გადაადგილდება და პრემიერის პირად ნივთებში იქექება.

მოგვიანებით ფაშინიანმა დაწერა, რომ მისი რეზიდენციიდან კომპიუტერი, საათი, პარფიუმერია, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები მოიპარეს.

NSS-მა 12 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც რეზიდენციაში უკანონოდ შეჭრასა და ქურდობაზე გამოძიება დაიწყეს და გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ბრალს აღიარებენ.

ამასთან, სომხეთის უშიშროებამ 10 და 11 ნოემბერს ერევანში გამართული დემონსტრაციებისა და სახელმწიფო შენობებში შეჭრის მოწყობისთვის არაერთი პოლიტიკოსი დააკავა.

ვაჰაგნ ჩახალიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს | სომხური მედია

სამმხრივი შეთანხმება, არეულობა ერევანში და რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

მასალების გადაბეჭდვის წესი