ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვაჰაგნ ჩახალიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს | სომხური მედია

12 ნოემბერი, 2020 •
ვაჰაგნ ჩახალიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს | სომხური მედია

სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ პოლიტიკოსთა სახელებს ავრცელებს, რომლებიც 10 და 11 ნოემბერს ერევანში გამართული დემონსტრაციებისა და სახელმწიფო შენობებში შეჭრის მოწყობისთვის, ან მასში მონაწილეობისთვის დააკავეს. უწყების ცნობით ციხიდან თავისუფლდება გუშინ დაკავებული ვაჰაგნ ჩახალიანიც. ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს.

დაკავებულებს შორის არიან გაგიკ წარუკიანი (პარტია აყვავებული სომხეთის თავმჯდომარე); გარნიკ ისაღულიანი (პარტია ეროვნული უსაფრთხოების თავმჯდომარე); სურენ სურენიანცი (პოლიტიკის მეცნიერი, მკვლევარი); გეღამ მანუკიანი (ჟურნალისტი); დავით ჰამბარძუმიანი (ქალაქ მასისის მერი); არა საჰაკიანი (პოლიტიკოსი); არტურ ვანეციანი (პარტია სამშობლო); ედუარდ შარმაზანოვი (რესპუბლიკური პარტია); არტურ ღაზინიანი (პარტია ერთი სომხეთი) და იშხან საღათელიანი (დაშნაკცუთიუნი).

საგამოძიებო ორგანომ ეჭვმიტანილების სახით გუშინ დააკავა ვაჰაგნ ჩახალიანი და ჰრაჩია ღუკასიანი, თუმცა, ნაცვლად პატიმრობისა, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ და გამოძიების დასრულებამდე ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება.

ვაჰაგნ ჩახალიანი გუშინ დააკავეს. იგი მონაწილეობდა ბოლო დღეებში სომხეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, სადაც პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის შენობის შტურმშიც, რა დროსაც სიტყვითაც გამოვიდა.

ვაჰაგნ ჩახალიანი იბრძოდა ყარაბაღის ომში. სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობისას ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, რაც საბოლოოდ მცდარი აღმოჩნდა.

ჩახალიანი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდანაა. იგი საქართველოში ყოფნისას ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია “ჯავახკს”. ის 2009 წელს დააკავეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება- შეძენისთვის, ასევე, ხულიგნობისთვის და 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მან საპატიმრო 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა.


10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ომის დამთავრების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთი თმობს აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებს. ასევე, ყარაბაღში ფუძნდება რუსული სამშვიდობო მისიაც. მიღებულ გადაწყვეტილებას სომხეთში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტისა და მთავრობის შენობები. 17 პარტიისგან შემდგარი კოალიცია ითხოვს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი