ახალი ამბები

საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? — ჯაფარიძე ვაშაძეზე

12 ნოემბერი, 2020 • 819
საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? — ჯაფარიძე ვაშაძეზე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გაურკვევლობაში დარჩენას არ აპირებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

ჯაფარიძეს კითხვები აქვს ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთანავე ამბობს, რომ ვაშაძის მსგავსი განცხადება, სხვა ოპოზიციური პარტიის  ლიდერს რომ გაეკეთებინა, “საჯაროდ ჯვარცმული” იქნებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი2-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული”, — წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა 10 ნოემბერს გაევრცელებინა ორი წერილობითი განცხადება მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძისვე აზრით, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და არ შეიცვალა არსებული ვითარება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. კითხვაზე, არსებობს თუ არა ნოემბრის ბოლომდე, ანუ მეორე ტურამდე ცვლილების შანსი, ვაშაძე პასუხობს:

“რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველა დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე  გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი