“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტიაში არ იციან, რომელი მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.
კაპანაძის თქმით, მსგავსი განცხადებები გაუგებრობას იწვევს როგორც საზოგადოებაში, ისე ოპოზიციაში, და ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ვაშაძე განმარტავს, რას გულისხმობდა.
“გულწრფელად გეტყვით, რომ რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით, არც “ევროპულმა საქართველომ” და არც სხვა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ის, რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის არის გაუგებარი. ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც გაუგებრობებს იწვევს, არა მარტო საზოგადოებაში, ასევე, ოპოზიციაში”, — აცხადებს კაპანაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა 10 ნოემბერს გაევრცელებინა ორი წერილობითი განცხადება მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.
“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძისვე აზრით, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და არ შეიცვალა არსებული ვითარება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. კითხვაზე, არსებობს თუ არა ნოემბრის ბოლომდე, ანუ მეორე ტურამდე ცვლილების შანსი, ვაშაძე პასუხობს:
“რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველა დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”.