ახალი ამბები

შესაძლოა, კომუნიკაცია ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან — უდუმაშვილი ვაშაძის განცხადებაზე

12 ნოემბერი, 2020 • 919
შესაძლოა, კომუნიკაცია ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან — უდუმაშვილი ვაშაძის განცხადებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი დიალოგის ჩაშლაზე საუბრობს პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძესთან ამ თემაზე პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვაშაძესა და საერთაშორისო პარტნიორებს  შორის კომუნიკაცია ტელეფონით შემდგარიყო,

“მე არ ვარ საქმის კურსში ამ დეტალების, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ რაც ბატონმა გრიგოლმა განაცხადა, დიახ, არავის არ ეხალისება ქუჩაში დგომა და, რა თქმა უნდა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ეს ქვეყანა[…] შესაძლოა, ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ვითარება ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა, ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიდექით, მერე- ცესკოსთან და შესაძლოა ამ დროს მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია და ვერ შედგა სწორი კომუნიკაცია, შესაძლოა ეს არის”, — აცხადებს უდუმაშვილი.

მისივე თქმით, ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ რჩება.

“ბატონი გრიგოლის პოზიცია და პარტიის პოზიცია არის სრულ თანხვედრაში, რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას”, — აცხადებს უდუმაშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა 10 ნოემბერს გაევრცელებინა ორი წერილობითი განცხადება მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძისვე აზრით, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და არ შეიცვალა არსებული ვითარება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. კითხვაზე, არსებობს თუ არა ნოემბრის ბოლომდე, ანუ მეორე ტურამდე ცვლილების შანსი, ვაშაძე პასუხობს:

“რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველა დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე  გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი