ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„პროვოკაციის“ შემდეგ ერევანში ოპოზიციამ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა

11 ნოემბერი, 2020 • 1343
„პროვოკაციის“ შემდეგ ერევანში ოპოზიციამ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა

სომხეთში, ერევანში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე, სადაც ყარაბაღის ომის შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ და დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებული, „კვამლის ბომბი“ ისროლეს.

„რია ნოვოსტი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბომბი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ისროლა, რომელიც უკვე დააკავეს.

თუმცა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ ლიდერმა იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროვოკაცია იყო და მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ კი ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არცვიკ მინასიანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახლებში წასულიყვნენ და დაშლისკენ მოუწოდა. დემონსტრაციის გაგრძელება ხვალ, 12 ნოემბერსაც არის დაგეგმილი.

ოპოზიციურმა პარტიებმა რამდენიმე საათით ადრე მოითხოვეს, ან თავად დატოვოს ფაშინიანმა პოსტი, ან ფაშინიანის პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის 88 წევრმა საგანგებო საპარლამენტო სესიაზე მხარი დაუჭიროს მის იმპიჩმენტს. ოპოზიციას სურვილის მიუხედვად, საპარლამეტო სესია, დეპუტატთა არასაკმარისი როდენობის გამო, არ გამართულა.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა და რომელსაც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

რუსეთის როლი და არამხოლოდ – რა ხდება კავკასიაში | ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

მასალების გადაბეჭდვის წესი