ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გახარია იქნება და არა – წულუკიანი — კუჭავა

11 ნოემბერი, 2020 •
პრემიერ-მინისტრი გახარია იქნება და არა – წულუკიანი — კუჭავა

“ქართული ოცნების” წევრის, კახა კუჭავას თქმით,  მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია თეა წულუკიანმა ჩაანაცვლოს, დეზინფორმაციაა.

როგორც კუჭავა ამბობს,  “ქართული ოცნების” მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის წარადგენისას გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელება იმას ნიშნავს, რომ ამ პოსტზე მუშაობას აუცილებად გააგრძელებს.

“ჩვენ როდესაც წარვადგენდით კანდიდატებს, ძალიან კარგად იქნა აღნიშნული, ჩვენ არ წარვადგენდით პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში კანდიდატს, ჩვენ წარვადგენდით პრემიერ-მინისტრს, ეს არის გიორგი გახარია და გიორგი გახარია გააგრძელებს პრემიერ-მინისტრობას უკვე მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ეს არის რეალობა.

მე დღეს პირველად მოვისმინე ეს ინფორმაცია, არანაირი საფუძველი არ აქვს მსგავს დეზინფორმაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, ითქვა და ასეც იქნება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს გიორგი გახარია”, — განაცხადა კუჭავამ “რუსთავი 2-თან”.

დღეს, 11 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესსნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება, საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება და პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი