ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის უშიშროებამ წარუკიანი დააკავა, სარქისიანი გამოკითხვაზე დაიბარა

11 ნოემბერი, 2020 • 1974
სომხეთის უშიშროებამ წარუკიანი დააკავა, სარქისიანი გამოკითხვაზე დაიბარა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პოლიტიკური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავა და ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი გამოკითხვაზე დაიბარა.

სარქისიანი, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად დაკარგა ძალაუფლება, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. წარუკიანი კი მილიონერი ბიზნესმენია, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული ფაშინინის მმართველობის პერიოდში.

ორივე პარტია დღეს ერევანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის თანაორგანიზატორია. აქციაზე, — რომელიც ყარაბაღის ომის დასრულებას მოჰყვა სომხეთისთვის არასასურველი შედეგებით, — ფაშინიანის გადადგომასა და „ეროვნული აღორძინების საბჭოს“ შექმნას მოითხოვენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უშიშროებაში გამოკითხვაზე დაიბარეს პარლამენტის ვიცე- სპიკერი ტიგრან ურიჰანიანიც, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენს, და ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენელი გევორქ გევორქიანი.

წარუკიანის პარტიის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ „პოლიტიკური რეპრესიების გზა აირჩია“.

ამ პროცესებს წინ უძღოდა ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის განცხადება, რომ „სახელმწიფო გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება“.

ამ ცნობების გავრცელებას კი წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკ-ლაივი, სადაც საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე პოლიტიკურ ოპონენტებს „მძარცველები“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება თავის დროზე მათ ისე არ მოექცა, როგორც იმსხურებდნენ.

„დიახ, ჩვენ ისე არ მოვექეცით ამ კორუმპირებულ, ყაჩაღ ოლიგარქებს, როგორც იმსახურებდნენ. სათანადოდ არ მოვექეცით მათ, ვინც ჩვენს ქვეყანს აოხრებდა, ვინც ჯარისკაცებს ლუკმაპურსა და იარაღს ჰპარავდა, ვინც მოქალაქეთა ღირსებას ლახავდა. ვწუხვარ ამის გამო“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა წინა მმართველ პარტიას, „რესპუბლიკურ პარტიას“ და მილიონერ გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ „მძარცველები“ უწოდა, ხოლო არტურ ვანეციანს – „დეზერტირი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს“.

„რესპუბლიკური პარტია“ ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის, სერჟ სარქისიანის პარტიაა, რომელმაც ფაშინიანის „ხავერდოვანი  რევოლუციის“ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი მანდატი ვერ მოიპოვა.

გაგიკ წარუკიანი ბიზნესმენია, რომელმაც დააარსა „აყვავებული სომხეთი“. მის წინააღმდეგ არაერთხელ აღიძრა საქმე — უკანონო სათამაშო ბიზნესის, მიწის ნაკვეთების მისაკუთრებისა და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებით — და ის არაერთხელ დააკავეს, თუმცა დაკავება ყოველ ჯერზე დროებითი აღმოჩნდა.

რაც შეეხება არტურ ვანეციანს, 2018 წლის „ხავედროვანი რევოლუციის“ შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსხურის ხელმძღვანელი იყო 2019 წლის სექტემბრამდე, — მანამ, სანამ ფაშინიანთან დაპირისპირების ფონზე არ გადადგებოდა. 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა ბრალდებები, რომ ვანეციანი ფაშინიანის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მედიაკამპანიის უკან იდგა.

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა.

შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „ისტორიული გამარჯვებაა“, ერევანში კი დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ თვითონაც ფიქრობს დემონსტრაციის ჩატარებაზე.

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

მასალების გადაბეჭდვის წესი