ახალი ამბები

როგორ შეუძლია პრეზიდენტს შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის ოკუპაციას ამტკიცებს? – კელი ზურაბიშვილზე

10 ნოემბერი, 2020 • 1132
როგორ შეუძლია პრეზიდენტს შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის ოკუპაციას ამტკიცებს? – კელი ზურაბიშვილზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კელი წერს, თუ როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს მხარეებს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში რუსულ ოკუპაციას კიდევ უფრო განამტკიცებს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 10 ნოემბერს, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებასა და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა აზერბაჯიანსა და სომხეთს მიღწეული შეთანხმება მიულოცა და მოლაპარაკებებში ჩართულ შუამავლებს მადლობა გადაუხადა.

“როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს მხარეებს შეთანხმება, რომლითაც კავკასიაში მტკიცდება რუსეთის კიდევ ერთი ოკუპაცია და იბლოკება დასავლეთი?” – წერს იან კელი ტვიტერზე.

სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი 10 ნოემბერს, გამთენიისას მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

ამ შეთანხმების სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე ასე გამოეხმაურა: “კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთს და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობა ყველა შუამავალს. ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს”.

ზურაბიშვილი შუამავლებს მადლობას უხდის და სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას ულოცავს

მასალების გადაბეჭდვის წესი