ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედიიდან გავიგე შეთანხმების შესახებ – სომხეთის პრეზიდენტი ყარაბაღზე

10 ნოემბერი, 2020 • 1570
მედიიდან გავიგე შეთანხმების შესახებ – სომხეთის პრეზიდენტი ყარაბაღზე

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ერევანს, ბაქოსა და მოსკოვს შორის დადებული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებაც და შეთანხმების პირობებიც მედიის საშუალებით გაიგო.

„ჩემთან, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სამწუხაროდ, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია და დისკუსია არ გამართულა, არცერთ მოლაპარაკებაში არ მიმიღია მონაწილეობა“, – განაცხადა სარქისიანმა 10 ნოემბრის დილას.

მან დასძინა, რომ ეროვნული მნიშვნელობის სახითხზე, განსაკუთრებით კი ასეთი შინაარსის დოკუმენტზე ხელმოწერა ფართო და მრავალმხრივი დისკუსიებისა და კონსულტაციების საგანი უნდა იყოს.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის [ყარაბაღის], შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი, შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე“, – წერს პრეზიდენტი.

„ადამიანების დიდი ჯგუფის ღრმა შეშფოთების გათვალისწინებით, მე დაუყოვნებლივ ვიწყებ პოლიტიკურ კონსულტაციებს … ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით“, – განაცხადა სარქისიანმა.

პრეზიდენტმა „ეროვნულ ერთობაზეც“ ისაუბრა და განაცხადა: „ეროვნული თვითმყოფადობისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩემს მისიად მივიჩნევ ეროვნული ერთიანობის ჩამოყალიბებას. იმედი მაქვს, რომ ათი დღის განმავლობაში ყველანი შევძლებთ ასეთი ერთიანობის ჩამოყალიბებას, და როდესაც ეს მოხდება, ჩავთვლი, რომ გამოვიყენე ყველა შესაძლებლობა ჩემი სამშობლოს სამსახურისათვის“.

არმენ სარქისიანმა, რომელსაც მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება ჰქონდა, 2018 წლის 2 მარტს, ჯერ კიდევ წინა, სერჟ სარქისიანის მთავრობის პერიოდში დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, როდესაც სერჟ სარქისიანი, — წინა პრეზიდენტი, — პრემიერ-მინისტრი გახდა. ნიკოლ ფაშინიანის „ხავერდოვანი რევოლუციის“ მიუხედავად, არმენ სარქისიანმა განაგრძო მოვალეობის შესრულება და, როგორც „ევრაზიანეტი“ წერდა, მოახერხა ახალ მთავრობასთან კარგად შეწყობა.

პარალელურად, ერევანში 17 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 11 ოქტომბერს, საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც პარტიები ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გააპროტესებენ.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები წყდება. ახალი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღში უკვე დაიწყო რუსი მშვიდობისმყოფელების დისლოკაცია. ბაქო საუბრობს თურქი სამშვიდობოების განთავსებაზეც.

ომის შეწყვეტის შესახებ ცნობების გავრცელებას დემონსტრაციები და არეულობა მოჰყვა ერევანში. აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა დაადასტურა, რომ ეთანხმება ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას შეთანხმების გაფორმებასთან დაკვშირებით.


გარეკანის ფოტოზე: ნიკოლ ფაშინიანი და არმენ სარქისიანი. 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ წინა პერიოდი. Photolur

გირჩევთ, წაიკითხოთ:

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

მასალების გადაბეჭდვის წესი