ახალი ამბები

4 ოპოზიციური პარტიის განცხადება

10 ნოემბერი, 2020 • 1117
4 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ოთხი ოპოზიციური პარტია — “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებლი”, “გირჩი” – სამპუნქტიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა.

პარტიები იმეორებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

“ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით. მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად. მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან  პროტესტს”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

პარტიები აცხადებენ, რომ მზად არიან გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის და ოპოზიციის საერთო  შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, ფიქტიური ტურების დროს — მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო 4 ოპოზიციური პარტიის მხრიდან ცალკე განცხადების მიღება და რატომ არ არის შეთანხმების მონაწილე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ერვოპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე პასუხობს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება ფართო ოპოზიციურ ფორმატშიც და განცხადება დამატებითი ხელმოწერებისთვის ღიაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი