ახალი ამბები

ტყუილის თქმა არ მჩვევია, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ ვიცოდით – მელია ვაშაძის განცხადებაზე

10 ნოემბერი, 2020 • 2001
ტყუილის თქმა არ მჩვევია, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ ვიცოდით – მელია ვაშაძის განცხადებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გაუგებარს უწოდებს გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას. როგორც მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, დიალოგს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს, თუმცა  ხელისუფლებასთან დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.

“ნებისმიერი განცხადების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით. როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ან უბრალოდ სხვადასხვაგვარად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. მთავარი არის ის მოთხოვნები, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაჟღერდა. ტყუილის თქმა არ მჩვევია, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ ვიცოდით, მათ შორის არც მე. ძალიან სამწუხარო და გაუგებარია მით უფრო, როცა პარტიაში პრესსამსახური არსებობს და არასდროს ბატონ გრიგოლს არანაირი განცხადება პრესსამსახურის გვერდის ავლით არ გაუვრცელებია. ეს იყო ერთადერთი შეთხვევა, როცა მან ეს გააკეთა”,-აცხადებს მელია.

ენმ-ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს ორი განცხადება გაავრცელა. თავდაპირველ განცხადებაში ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს”.

ვაშაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა პარტიის წევრების მხრიდან. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ იყო შეთანხმებული პოზიცია. როგორც ცნობილია, ენმ პარლამენტის ბოიკოტს უჭერს მხარს. მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკებების ჩართვის წინაპირობები დაასახელა, რაც გულისხმობს პროსტესტის გაგრძელებას, ასევე, მოლაპარაკებების დაწყებასა და მხოლოდ წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების შემდგომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

“დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”,-წერს გრიგოლ ვაშაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი