ახალი ამბები

განმარტების გარეშე დამაზიანებელი იქნებოდა – ბაქრაძე ვაშაძის განცხადებაზე

10 ნოემბერი, 2020 • 894
განმარტების გარეშე დამაზიანებელი იქნებოდა – ბაქრაძე ვაშაძის განცხადებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი განცხადება დამატებითი განმარტებების გარეშე დამაზიანებელი იქნებოდა. თუმცა ამ განმარტებასთან ერთად თემა ამოწურულია.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ორი განცხადება გაავრცელა. პირველის თანახმად, ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს”.

კრიტიკის შემდეგ, პირველ განცხადებას განმარტება მოჰყვა, ვაშაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ასევე უნდა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ქვეყნის მოკავშირეების შუამავლობით.

„პირველი განცხადება მისი იყო, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და ეს პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისთვისა და ბრძოლისთვის. მაგრამ იმ განმარტებბეით, რაც შემდეგ გაკეთდა, მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია“, – თქვა დღევანდელ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ.

მანამდე ბაქრაძემ განაცხადა, რომ 4 ოპოზიციური პარტია – „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“- რამდენიმე წუთის წინ მოქმედების ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. მათ შორის იმაზეც, რომ მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება და პარლამენტში შესვლაზე ოთხივე პარტია კვლავ უარს ამბობს.

ბაქრაძე უარყოფს, რომ ეს ბრიფინგი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

„ვიმეორებ, ჩვენი დღევანდელი პოზიციონირება არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადებას. ის, რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდით, უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. ის, რომ პროტესტები უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება ძალადობაში ჩაითრიოს ქვეყანა, არის განუზომლად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე განცხადება.

ის, რომ ოპოზიცია ერთიანია ბოიკოტში და ჩვენ დიალოგზე მზად ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი“, – ამატებს ბაქრაძე.

ის ასევე დასძენს, რომ მალე სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან ამ შეთანხმებას, დამატებით კითხვაზე, თუ რას ეხმიანება დღევანდელი ბრიფინგი, თუ არა ვაშაძის განცხადებას, ბაქრაძე ამბობს:

„ამ განცხადებას შემოუერთდებიან სხვა პარტიები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთო ოპოზიციური განცხადება. რაც შეეხება იმას, რატომ – პასუხი არის იმაში, რაც გუშინწინ მოხდა ცესკოსთან, როდესაც ვიხილეთ, რომ ხელისუფლება მზადაა არაპროპორციული და გადამეტებული ძალა გამოიყენოს მშვიდობისნი დემოსნტრანტების წინააღმდეგ. ეს კი ქმნის ძალადობისა და დაპირისპირების სპირალში შესვლის საფრთხეს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი