ახალი ამბები

რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს პარლამენტში შესვლას – სამადაშვილის განმარტება

10 ნოემბერი, 2020 • 660
რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს პარლამენტში შესვლას – სამადაშვილის განმარტება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ ტექნიკურად არსებობს არჩევნების შედეგების ისე გასწორების შესაძლებლობა, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, ამას მიესალმებოდა.

მისი თქმით, ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, მოლაპარაკებებისთვის სივრცეს დაიტოვებდა.

ასე გამოეხმაურა სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, სადაც ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

“უამრავი ზარი შემოდის. მედიასთან ვერ შევდივარ კონტაქტში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მხოლოდ შემიძლია ჩემი აზრი ვთქვა – პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება. ცხადია, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა.

თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც “ოცნებამ” დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებაში მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს”, — წერს სამადაშვილი ფეისბუკზე.

დღეს, 10 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მისი თქმით, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

ვაშაძის ამავე განცხადებაში საუბარია, რომ მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს.

ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი