პოლიტიკური პარტია “ლელო – საქართველოსთვის” გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გასააჩივროს მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის 22:00-დან 05:00 საათამდე გადდაადგილების შეზღუდვა .
პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ანტიკონსტიტუციურია და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. როგორც ლელო ამბობს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ეპიდემიის დროს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის შესაბამისი დეკრეტით. კანონი კი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობა აღნიშნულ რეგულაციას აწესებს, არ იძლევა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას:
“ლელო აღნიშნულ რეგულაციას მიიჩნევს არაკონსტიტუციურად და ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ეპიდემიის დროს ადამიანის შეკრების და მანიფესტაციის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომაროების დროს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით. გარდა ამისა, კანონი, რომლის საფუძველზეც მიღებულია აღნიშნული რეგულაცია, არ აძლევს მთავრობას შეზღუდოს პირების გადაადგილება და შეზღუდოს მათი შეკრება და მანიფესტაცია.
მიგვაჩნია, აღნიშნული რეგულაცია არაპროპორციულია და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ჩვენ არ ვაპირებთ თვეების განმავლობაში ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, როდის მიიღებს წარმოებაში აღნიშნულ საქმეს და სარჩელთან ერთად ვითხოვთ შეჩერდეს აღნიშნული მოქმედება და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმუმ მოკლე ვადებში იმსჯელოს, შეჩერდება თუ არა აღნიშნული რეგულაციის მოქმედება”, – აცხადებენ პარტიაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში- 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე – სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა.
არასამთავორბო ორგანიზაციები, GDI, ISFED და HRC ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება, მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.