ახალი ამბები

“დიდი ალბათობით, ბიულეტენების განადგურება იყო მიზანი” — თალაკვაძე ცესკოსთან აქციას აფასებს

9 ნოემბერი, 2020 • 1826
“დიდი ალბათობით, ბიულეტენების განადგურება იყო მიზანი” — თალაკვაძე ცესკოსთან აქციას აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალალკვაძე აცხადებს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის მიზანი, “სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება” იყო.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევა მოეხდინათ.

“გუშინ რატომ მოაწყვეს ცესკოზე თავდასხმა? სავარაუდოდ, მათ სურდათ ბიულეტენების განადგურება, რომ არჩევნების ყველანაირი შემდგომი განვითარება შეეწყვიტათ და ეთქვათ, რომ ბიულეტენები აღარ არსებობს და დამთავრდა, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს ქვეყანამ. ეს არის მათი უპასუხსიმგებლო დამოკიდებულება[…] ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს, გააკეთეს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ვინაიდან ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან. სავარაუდოდ, ეს გეგმა იყო”, — განაცხადა თალაკვაძემ “რუსთავი 2-თან”

თალაკვაძის ამ განცხადებას ნეტგაზეთთან  უპასუხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ და თქვა, რომ ბიულეტენები საოლქო კომისიებში ინახება და ეს თუ პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცის, “სამარცხვინოა”.

“ამ კიდევ ერთი სამარცხვინო კლოუნისგან ხომ ისედაც აბსურდია ეგ ბრალდება, რომ ვითომ ვინმეს ორგანიზებულად ცესკოში შეჭრა უნდოდა – უამრავი ადამიანი იყო და თუ ვიღაცა სადმე რაღაც წინააღმდეგობაში იყო პოლიციასთან, 99% იქ იყო პროტესტის გამოსახატად, ათასი კამერა იყო და ყველა იღებდა, რომ ეს ხალხი არსად ცდილობდა ორგანიზებულად შეჭრას. მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, მას მართლა ჰგონია, რომ ბიულეტენები ინახება ცესკოში?! ან არ იცის, რომ საოლქოში ინახება ბიულეტენები, ან მართლა არის იქ რამე ბიულეტენები, რაც ჩვენ არ ვიცით? კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადებაა”,- უთხრა “ნეტგაზეთს” გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი