ახალი ამბები

პარლამენტთან “სირცხვილიას” აქტივისტები დააკავეს

9 ნოემბერი, 2020 • 1268
პარლამენტთან “სირცხვილიას” აქტივისტები დააკავეს

პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” 3 აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან გიორგი მჟავანაძე, ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. აქტივისტები აქციაზე შეშის მიტანას ცდილობდნენ გასათბობად.

როგოც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთი დაკავებული ლექსო მაჭავარიანი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმირჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული:

“რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს, პირადად მე არაერთხელ განვუმარტე ის, რაც მოგახსენეთ, ასევე, პოლიციელები მოუწოდებდნენ მას, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩვენ მიმართ. შესაბამისად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.”

ამას გარდა, საპატრულო პოლიციის უფროსმა აქციის ორგანიზატორებისთვის შეშის შეტანის აკრძალვა ჟურნალისტებთან განმარტა. ვაჟა სირაძის თქმით, არსებობს გამოცდილება, როცა შეშა ძალადობისთვის გამოიყენეს, მათ შორის პოლიციელების წინააღმდეგ. როგორც სირაძე ამბობს, რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გათბობას არავინ უშლის და მათ შეუძლიათ ელექტრომოწყობილობა გამოიყენონ.

“არაერთი გამოცდილება გვაქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არაერთხელ შეშა გამოყენებული იქნა როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი… რითაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე, პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, პოლიციას უფლება აქვს შეზღუდოს ამ ნივთის შეტანა. შესაბამისად, მათ განვუმარტე, რომ შეუძლიათ მოიტანონ ელექტროსაშუალებები და გათბნენ”,-აცხადებს სირაძე.

“სირცხვილიას” წარმომადგენლებმა დაკავებები უკანონოდ შეაფასეს. მათი თქმით, აქტივისტები შეშის გამოყენებას მხოლოდ გათბობის მიზნით აპირებდნენ და პოლიციამ მათი მიტინგზე შეტანა უკანონოდ შეუზღუდა.

“სირცხვილიას” აქტივისტები სხვა მომიტინგეებთან ერთად ღამის გათენებას რუსთაველზე აპირებენ. ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ მთავრობის მიერ დადგენილ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 22 საათის შემდეგ ქუჩაში ყოფნა იკრძალება. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვები უკანონოა, რადგან მთავრობას დადგენილებით არ ჰქონდა შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვის უფლება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი