მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ სამჯერ შედგა ე.წ. ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ რუსეთის ჩართულობით, ერთხელ კი აშშ-ს მონაწილეობით, თუმცა სამივე შემთხევაში მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე შეთანხმების პირობებს არღვევდა. გუშინ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ აიღო ქალაქი შუშა/შუში. მის განცხადებას სომხური მხარის მიერ ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. მთიან ყარაბაღში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
17 პოლიტიკური პარტია სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და ახალი დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას ითხოვს. ინფორმაციას სომხური რევოლუციონერული ფედერაციის პარტია, იგივე “დაშნაკცუთიუნი” ავრცელებს.
პარტიების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ვერ ართმევს თავს ქვეყნის წინაშე შექმნილ გამოწვევებს და აქვს დიდი დანაკარგები ომში, რომელთა გამოსასწორებლად და ბრძოლაში გარდატეხის შესატანად საჭიროა მთავრობის გადადგომა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარტიები დიდი ხანია ცდილობდნენ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას და მიმდინარე მოვლენების ერთობლივად განხილვას, თუმცა, უშედეგოდ.
დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: პარლამენტის წევრი “აყვავებული სომხეთის პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, რომლის მმართველობაც შეცვალა ნიკოლ ფაშინიანმა, “დაშნაკცუთიუნი”, “სოლიდარობა”, “თავისუფლება”, “ეროვნული უსაფრთხოება”, “ეროვნული დღისწესრიგი”, “ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი”, “ეროვნული აკორდი”, “პროგრესული ცენტრისტების ალიანსი”, “დემოკრატიული ალტერნატივა”, “იერკირ ცირანი”, “ლიბერალ-დემოკრატიული კავშირი”, “ქრისტიან-დემოკრატები”, “სამშობლო”, “ჩვენი სომხეთი” და “კონსტიტუციური კანონის კავშირი”.







