ახალი ამბები

სააკაშვილი და ივანიშვილი დიალოგის აუცილებელი მონაწილეები უნდა იყვნენ — ბარამიძე

9 ნოემბერი, 2020 • 911
სააკაშვილი და ივანიშვილი დიალოგის აუცილებელი მონაწილეები უნდა იყვნენ — ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ თუ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგება, ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ.

“თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და ეფექტიანი შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის, რეალურად ყველაზე ძლიერი, ფიგურებიც, ანუ პირადად დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი.

ამისათვის საჭიროა მათი (დასავლეთის სახელმწიფოთა) მონდომება და ხელისუფლების ნება, დამდგარი პოლიტიკური (პანდემიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სავალუტოსთან ერთად) კრიზისი ცივილიზირებულად და დემოკრატიულად დაიძლიოს”, — წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ოპოზიციასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პოლიტიკურ პლატფრმებზე უნდა გადმოინაცვლოს.

“ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა”, – აცხადებს გახარია.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი