ახალი ამბები

სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს — იმნაძე წყლის ჭავლის გამოყენებაზე

9 ნოემბერი, 2020 • 782
სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს — იმნაძე წყლის ჭავლის გამოყენებაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 8 ნოემბერს ცესკოსთან ოპოზიციის აქციის წყლის ჭავლით დაშლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს”.

ასე უპასუხა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვას, უნდა განიმარტოს თუ არა ექიმების მხრიდან, რამდენად საფრთხის შემცველია წყლის ჭავლის გამოყენება, როცა კორონავირუსის პერიოდია?

“ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე. სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს”, — განაცხადა იმნაძემ.

ამავე საკითხს გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და თქვა, რომ ექიმები  აპოლიტიკური პიროვნებები არიან და პოლიტიკაში არ უნდა გარიონ.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი